მელია: მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესშია, საჯაროდ იყოს ჩართული

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც პარტიის თავმჯდომარის მომავალ არჩევნებშიც იყრის კენჭს, აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ისაუბრებს გულწრფელად ყველა თემაზე როგორც პარტიის წევრებთან, ასევე მედიასთან.

„TV პირველის“ ეთერში მან ენმ-ის თავმჯდომარეობის დროს გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მის აქტიურობაზე ისაუბრა.

მელიას თქმით, „ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რასთან აქვთ საქმე, როდის და რატომ არიან აქტიურები და როდის – არა“, ამის შესახებ საქმის კურსშია ლევან ხაბეიშვილიც.

ენმ-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას არ ახსოვს არცერთი ალტერნატიული გეგმა ან შემოთავაზება, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიბლოკა.

„მეტიც, იქნებ პირიქით იყო, ბევრად უფრო მწვავე, რადიკალური გეგმის განხორციელების მომხრენი სულ სხვა მხარეს დაგანან, ვიდრე ახლა პრეტენზიაა დანახული. აქ გავჩერდეთ, ჩემი თხოვნაა“, – მიმართა მან წამყვანს.

ნიკა მელია აანონსებს, რომ მისი კამპანიის დროს საუბარი იქნება, როგორი უნდა იყოს ენმ მომავალში. მისი თქმით, ვინ იქნება გამარჯვებული, განსაზღვრავს მომავალ არჩევნებში პარტიის ბედს. მისივე თქმით, საზოგადოება მალე გაიცნობს მის გუნდს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, იყოს საჯაროდ ჩართული. საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა არის და ვინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. სხვებსაც მოვუწოდებდი, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც კი არის ჩართული არასაჯაროდ ამ პროცესში, არადა ძალიან აქტიურად არის ჩართული, შეიძლება, თხემით ტერფამდე, ასეთი ადამიანები დასამალები არ არიან, ისინი იმსახურებენ არიან, საზოგადოებამ იცოდეს.

არ ვაკონკრეტებ გვარებს, ზოგადად, გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. რა არის აქ დასამალი? მე თუ თქვენ მხარს მიჭერთ და ჩემს საარჩევნო კამპანიაში 24 საათი მუშაობთ, მეტიც, გაქვთ დიდი გავლენა ჩემზე, დიდი გავლენა ამ პროცესზე, მე რატომ უნდა დაგმალოთ და რატომ უნდა ვთქვა, რომ არ ხართ ჩემი შტაბის უფროსი, შტაბის წევრი ან ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. მე გვარების დასახელებისგან თავს ვიკავებ და შევიკავებ, მოვა ამ ყველაფრის დრო. უბრალოდ, მე ვფიქრობ, თუ ვინმე არის ღირსი, როდესაც ენმ-ს შიდასაარჩევნო პროცესზე ვსაუბრობთ, არის ენმ-ის ამომრჩეველი და მხარდამჭერი, რომ მათ არა მხოლოდ ის იცოდნენ, რა არის სტრატეგიული გეგმა, გაწერილი 4-5 წლიან პერიოდზე, არამედ სად დგახარ, ვინ არის შენი დასაყრდენი, რამდენად თვითმყოფადი ხარ, რამდენად დამოუკიდებელი ხარ და რამდენად აქვს რეალურად გავლენა იმ პროცესზე, რომელშიც მონაწილეობას იღებ. ამაზეც უნდა ვისაუბროთ და აუცილებლად ვისაუბრებთ“, – თქვა მან.

შეკითხვას, დგას თუ არა ნიკა მელიას უკან მიხეილ სააკაშვილი, მან პასუხი არ გასცა და განმარტა, რომ შესაძლებელია, მისი ნებისმიერი განცხადება სხვანაირად გადაითარგმნოს.

„ჩემთვის დასანანია, რომ მის მიერ ჩამოყალიბებულ პარტიაში აბსოლუტურად უდროოდ იმართება ის, რაც იმართება, მაგრამ ადამიანების უმრავლესობის არჩევანი არ ყოფილა. ვისი არჩევანიც იყო, ამ წინადადებას თანმხვედრი ნაბიჯით დავხვდით. რატომ, როგორ, რანაირად, რამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, მაგაზე ვისაუბრებ მომავალში… ჯერ მე საარჩევნო კამპანია არ დამიწყია და დღეს მე როდესაც უნდა გავაკეთო რამე ტიპის განსხვავებული განცხადება, ვშიშობ, ეს გადაითარგმნება იმდაგვარად რომ ამომრჩევლებს შორის რამე ვნებათაღელვა შევიდეს. ამ პროცესს სტარტი ჰქონდა უხერხული, ნეგატიური იმპულსი, როცა გუნდში კონსოლიდირებული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და ნაწილმა ჩვენმა თანაპარტიელებმა მიიღეს გადაწყვეტილება და სულ სხვა შენობაში წავიდნენ, მაშინ როცა პრესსამსახურის ხელმძღვანელმაც არ იცოდა, ასეთი ცუდი სტარტის მიუხედავად მე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ, პროცესი ნორმალურ კალაპოტში მოვაქციოთ“, – განმარტა მან.

ნიკა მელიას მოლოდინი აქვს, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია შემცირდება და საბოლოოდ ერთმანეთის კონკურენტად ის და ლევან ხაბეიშვილი დარჩებიან.

„დიდი მოლოდინია, რომ კანდიდატების რაოდენობა შემცირდება, არათუ გაიზრდება. გულწრფელობის ამ ხარისხს შემოგთავაზებთ, ეჭვი არ შეგვპარვია, როდესაც ბატონმა ჩალაძემ და მუმლაძემ კანდიდატურები დააყენეს, პარტიაში ერთხმად განვაცხადეთ, რომ ერთიც და მეორეც არჩევნებამდე კანდიდატურას მოიხსნის. მე და ჩემს თანამოაზრეებს ეჭვი არ გვეპარება, რომ, საბოლოო ჯამში, იქნება 2 კანდიდატი. როგორც ჩანს, ახლა ყველა ასე ვფიქრობთ, რომ ბატონი მუმლაძე დროებით იასპარეზებს და, საბოლოო ჯამში, დავრჩებით მე და ბატონი ლევანი – ჩვენ ვიპაექრებთ. რეალობა თავისთავად საინტერესოა, შემთხვევით არაფერი არ ხდება, განსაკუთრებით, პოლიტიკაში“, – განაცხადა მელიამ.