დეკემბერში სხვა ქვეყანაში კორონავირუსი არ არსებობდა და ამაზე ინფორმაციის გავრცელება ცუდი სპეკულაციაა - ზახაშვილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოში 2019 წლის დეკემბერსა და იანვარში კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების არსებობაზე კითხვას უპასუხა. მისი თქმით, უჰანში ვირუსი პირველად 2019 წლის 8 დეკემბერს დაფიქსირდა და სხვა ქვეყანაში, სხვა ტერიტორიებზე დეკემბერში კორონავირუსი უბრალოდ არ არსებობდა და ამაზე საუბარი სპეკულაციაა.

„პირველად ჩინეთში უჰანში ყურადღება მიაქციეს უჩვეულო პნევმონიების კლასტერების გაჩენას 2019 წლის 8 დეკემბერს და 31 დეკემბერს შემთხვევათა ნაკრებმა იჩინა თავი. 7 იანვარს ჩინეთმა უკვე თქვა, რომ ეს არის კორონავირუსი, ოღონდ უცნობი იყო რომელ კორონავირუსზე იყო საუბარი. ამის შემდეგ იანვრის მანძილზე ვრცელდება ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე, ფიქსირდება ერთეული შემთხვევები და იანვრის ბოლოს შემთხვევები სხვა ქვეყანაში გამოჩნდა.

ყველა შემთხვევა ჩინეთში მოგზაურობიდან დაბრუნებულ ადამიანებს უკავშირდება. ასე დაიწყო გავრცელება  ამ ვირუსმა 2019 წლის ბოლოს. შემდეგ არსებული იმ სინჯების გადატესტვით, რომელიც მოგროვებული იყო ჰუბეის პროვინციაში, ძალიან დეტალური კვლევით დადგინდა, რომ პირველი შემთხვევა გაჩენილი იყო 8 დეკემბერს და ეს იყო პირველი და ერთი შემთხვევა. სხვა ქვეყანაში სხვა ტერიტორიებზე დეკემბერში კორონავირუსი უბრალოდ არ არსებობდა და რაიმე ტიპის ინფორმაციებისა და მტკიცებულებების გავრცელება საზოგადოებაში ცუდი სპეკულირებაა იმით, რომ ზამთარში ყველა რესპირაციული ვირუსი არის გავრცელებული.

ამ ზამთარს საქართველოში ყველა კვირის მანძილზე რამდენიმე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებდა. არ გვქონია მონო-ცირკულაცია, რომელიმე ქვეტიპის ვირუსებისა, იყო დიდი ნარევი სხვადასხვა ვირუსების. მათ შორის იმ 4 ჩვეულებრივი კორონავირუსის, რომელიც ცირკულირებს ხოლმე ზამთარში ადამიანთა საზოგადოებაში“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.