„დელისიადან" გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

პუბლიკა

სუპერმარკეტ „კარფურის“ წინ, „ქართული სახლის” („დელისიას“) თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებული 4 თანამშრომლის სოლიდარობის ნიშნად აქციას მართავენ (ორგანიზატორების განმარტებით, „ქართული სახლის” დახლები, „კარფურის“ ქსელშია განთავსებული).

4 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენასთან ერთად, მათი მოთხოვნებია, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის დაბრუნება და შრომის პირობების გაუმჯობესება.

,,ქართული სახლის” დასაქმებულებმა ხელფასების სისტემატიური დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვეს მედიატორის დანიშვნა.

მედიაციის პროცესი პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა – „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა ხელფასის 49%-ის ოდენობით. 2020 წლის 9 ნოემბერს დასაქმებულებმა კანონიერი გაფიცვა წამოიწყეს და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს“, – აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „პუბლიკასთან” კომპანიის წარმომადგენელი, ლიკა ჭიკაძე ამბობდა, თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება მათ პროტესტს არ უკავშირდება.

მისი თქმით, თავდაპირველად გათავისუფლებული 4 თანამშრომლიდან ერთ შემთხვევაში გათავისუფლების მიზეზი სამი დასციპლინური გადაცდომა იყო, დანარჩენ სამ შემთხვევაში კი თანამშრომლები გამოსაცდელი ვადით იყვნენ აყვანილი. კომპანიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით იხელმძღვანელა და მათთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა. მისივე განმარტებით, კომპანიაში დასაქმებულ ყველა ადამიანთან გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაო პირობები აბსოლუტურად მორგებულია იმ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რომლებსაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.