„ქართული სახლის“ 30-მდე თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს | რა მოთხოვნები აქვთ დასაქმებულებს

სალომე გორგოძე

9 ნოემბრიდან კომპანია „ქართულ სახლში“ თბილისში, გაყიდვების დეპარტამენტში დასაქმებული 30-მდე თანამშრომელი იფიცება.

პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, მედიაციის პროცესი, რომელიც 7 ოქტომბრიდან დაიწყო, უშედეგოდ დასრულდა – შპს „ქართულმა სახლმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი, დასაქმებულთა ნაწილი კი დააჯარიმა და ხელფასის 49% ჩამოაჭრა.

სოფო ტყეშელაშვილი ერთ-ერთია, რომელიც კომპანიიდან გაათავისუფლეს. სოფო ამბობს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება უსამართლო გადაწყვეტილება იყო და საუბრობს კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა უფლებების დარღვევებზე. კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს ჯარიმების სისტემაზე, რაც არც თუ ისე მაღალი ანაზღაურების პიროებებში ძალიან მძიმე ტვირთად აწვებათ დასაქმებულებს.

„სისტემატურად ხდებოდა ხელფასის დაგვიანება. ეს გავაპროტესტეთ და არ გავედით ობიექტზე. მივედით დამსაქმებელთან და მოვითხოვეთ შეხვედრა და საუბარი, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რატომ ხდებოდა ხელფასის დაგვიანება ან როდის ჩაგვერიცხებოდა საერთოდ. ჩათვალეს, რომ გაცდენილი დღე კომპანიისთვის ზარალის მომტანი იყო და დაგვაჯარიმეს“, – ამბობს სოფო და გვიყვება, რომ მას კომპანიაში ხელშეკრულება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით ჰქონდა დადებული. 4 თვე იმუშავა, პირველი ხელფასი ორი თვის მერე აიღო, შემდგომი ანაზღაურება კი ერთი კვირით გვიანდებოდა – „ჩემი ანაზღაურება 550 ლარი იყო. ყველას პირადი პრობლემა აქვს, მიღებული ანაზღაურება განსაზღვრული გაქვს თვიდან-თვემდე. ერთი კვირის დაგვიანებაც უკვე დამატებით პრობლემებს გვიქმნის გადახდების გრაფიკში. უმეტესობას საბანკო ვალდებულებები აქვს, დაგვიანებას დიდი ჯარიმები მოჰყვება ბანკის მხრიდან, ამას კიდევ დაემატა კომპანიის მხრიდან ჯარიმები. ხელფასის 49% ჯარიმა, როცა ანაზღაურება თვეში 550 ლარია წარმოუდგენლად მძიმე ტვირთია“.

პროფესიული კავშირების გაერთიანების შეფასებით, კომპანიაში დასაქმებულებს შრომის მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ შპს „ქართულ სახლსა“ და მის დასაქმებულებს შორის უთანხმოება არსებობს პრაქტიკულად თითოეული დასაქმებულის მიერ სამსახურის დაწყების დღიდან, რაც როგორც კოლექტიური დავის მედიატორისადმი მიწერილ მიმართვაშია აღწერილი, გამოიხატება შემდეგი მოქმედებებით:

  • შპს „ქართული სახლი“ აგვიანებს ხელფასის გადახდას ან ნაკლულად უხდის დასაქმებულებს;

  • სამუშაო დრო კვირაში ხშირად 40 საათზე მეტია ისე, რომ დასაქმებულებს არ უნაზღაურდებათ ზეგანაკვეთური შრომა;

  • შპს „ქართული სახლი“ ყოველ მცირე დარღვევაზე დასაქმებულებს აჯარიმებს ჯარიმის დიდი ოდენობებით, რაც არაპროპორციულია როგორც დარღვევის ხასიათის, ისე დასაქმებულთა ფინანსური შესაძლებლობების მიმართ. მაგალითად, უკანასკნელი ჯარიმის ოდენობა არის ხელფასის 49%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასაქმებულების ხელფასი 500-600 ლარია, ჯარიმის ასეთი ოდენობა იმდენად მაღალია, რომ დასაქმებულები თვიდან თვემდე თავის გატანასაც კი ვერ შეძლებენ;

  • შრომითი პირობები არის მძიმე – დასაქმებულებს ეკრძალებათ სამუშაო საათებში მცირე ხნით ჩამოჯდომაც კი. მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტულ მომენტში დასაქმებულის მხრიდან ფეხზე დგომის საჭიროება. აბსოლუტური აკრძალვა ამძიმებს სამუშაო პირობებს იმ თვალსაზრისით, რომ, დასაქმებულების სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ ფეხზე დგომა უწევთ მთელი დღის განმავლობაში, მცირეხნიანი ჩამოჯდომა კი შეუმსუბუქებდათ ამ მოვალეობას იმგვარად, რომ დამსაქმებლის ინტერესები არ დაზიანდებოდა;

  • დამსაქმებელი ხისტად განსაზღვრავს სამუშაო საათებსა და დღეებს ისე, რომ არ ითვალისწინებს დასაქმებულების ობიექტურ საჭიროებებს, კერძოდ, იმას, რომ სტუდენტები არიან, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ ან რომ გამოცდა აქვთ;

  • დასაქმებულებს არ უნაზღაურდებათ უქმე დღეებში მუშაობა;

  • გაუგებარია, რატომ ჩამოეწერებათ დასაქმებულებს ხელფასებიდან შპს „ქართული სახლის“ მიერ გაყიდული და შემდეგ უკან დაბრუნებული ან ვადაგასული პროდუქციის ღირებულება.

„კომპანიაში არსებობს ისეთი დარღვევები როგორსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ შრომის მძიმე პირობები და უღირსი გარემო, რაც ეხება,  მაგალითად, იმას, რომ შრომის კოდექსი იგნორირებულია და არავინ არ იცავს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის ზეგანაკვეთურის ანაზღაურებას, შვებულების უფლების გამოყენების შესაძლებლობას, მათ შორის შესვენებას, უსაფრთხო შრომით გარემოს, ა.შ. მთელი ის დარღვევები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით ხოლმე სოციალურად უპასუხისმგებლო დამსაქმებლებში“, – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი გიგა ბექაური.

ის გვიყვება, რომ როდესაც პროფკავშირები საქმეში ჩაერთო მედიაციის პროცესი დაიწყეს. სწორედ ამ პროცესში დამსაქმებელმა დამატებითი ჯარიმები გამოაცხადა და 4 თანამშრომელიც გაათავისუფლა.

„ასაბუთებდნენ იმით, რომ მათ სხვადასხვა სახის პრობლემები ჰქონდათ, ზოგს გაფრთხილება ჰქონდა, ზოგს შენიშვნა, ზოგს ეს 49%-იანი ჯარიმაც რომ დაემატა, ამის გამო გაუშვეს სამსახურიდან.

ჩვენი პირველადი მოთხოვნა იყო ის, რომ ხელფასის დაგვიანებების სისტემა დარეგულირებულიყო და ამის მერე დასაქმებულებმა დაამატეს მოთხოვნებს 49%-იანი უკანონო ჯარიმების გაუქმება, რომლებიც არც პროპორციული იყო და არც სამართლიანი იქედან გამომდინარე, რომ დასაქმებულების ახსნა-განმარტება სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯარიმები აღარ დაწერილიყო.

სამედიაციო პროცესში დამსაქმებელმა ფაქტობრივად ყველა ნორმა დაარღვია, არანაირად არ სცა პატივი ამ მოლაპარაკების პროცესს, ხალხი გაუშვა სამსახურიდან მოლაპარაკებების პროცესში, მან უარი განაცხადა გაშვებულების აღდგენაზე, აქამდე არ გვსმენია არაფერი იმაზე, აპირებს თუ არა 49%-იანი ჯარიმის გაუქმებას. ჩვენთვის პრიორიტეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა ამ ეტაპზე, სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე გადავდივართ საგაფიცვო მიმართულებებზე მედიაციის პროცესიდან რომელსაც ჩვენ საკმაოდ ვუერთგულეთ, 10 დღეზე მეტია გაფიცვის უფლება მოპოვებული გვაქვს თუმცა, ჩვენ მაინც ვრჩებოდით მოლაპარაკებების ერთგულად. მიგვაჩნია რომ ეს რესურსი ამოვწურეთ და აქედან გამომდინარე ახლა ჩვენ ვამზადებთ გაფიცვას“, – ამბობს ბექაური.

ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული სახლი“ (მანამდე „აბდ ენდ კო) 2013 წელს დაფუძნდა. როგორც კომპანიის სოციალური ქსელის გვერდზეა აღნიშნული, კომპანია ამჟამად წარმოადგენს კავკასიაში ყველაზე თანამედროვე მეღორეობის კომპლექსს და რეგიონში ღორის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელია.

„პუბლიკა“ კომპანიის იურისტს ლიკა ჭიკაძეს დაუკავშირდა და მედიაციის პროცესისა და სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზების შესახებ ვკითხეთ.

იურისტი განმარტავს, რომ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება მათ პროტესტს არ უკავშირდება. ერთ შემთხვევაში გათავისუფლების მიზეზი სამი დასციპლინური გადაცდომა იყო, დანარჩენ სამ შემთხვევაში კი თანამშრომლები გამოსაცდელი ვადით იყვნენ აყვანილები და კომპანიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებით იხელმძღვანელა და მათთან კონტრაქტი აღარ გააგრძელა. მისივე განმარტებით, კომპანიაში დასაქმებულ ყველა ადამიანთან გაფორმებულია ხელშეკრულება და სამუშაო პირობები აბსოლუტურად მორგებულია იმ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რასაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„ხელშეკრულებები ყველა მათგანთან არის დადებული, ხელშეკრულებაში არის გარკვეული პირობები , ჯარიმაც განპირობებული იყო ხელშეკრულების პირობებით, კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად, კომპანიაში ყველა დასაქმებულს გვაქვს ერთნაირი ხელშეკრულება, გვაქვს წახალისების ფორმები, გვაქვს  შვებულების განაწილების წესი, შიდაგანაწესი გვაქვს 11-გვერდიანი, შრომის ხელშკრულება გვაქვს 17-ფურცლიანი, 7-8 წელი ამ ხელშეკრულებით ვმუშაობთ.

ხელზე გავატანეთ მათ საბუთი, სადაც წერია საფუძველი; წერია კონკრეტული მუხლები, რის საფუძველზეც გათავისუფლდნენ;წერია თარიღები, როდის რაც საყვედური და დისციპლინური გადაცდომა ჰქონდათ. საბუთს გაეცნენ და ხელი მოაწერეს, იციან რაზეც არიან გათავისუფლებული. მედიაციის პირობებში კი არ გავუშვით, არღვევდა და არღვევდა ეს ადამიანი  ხელშეკრულების პირობებს, რადგან მედიაციაშია ამის გამო ხომ არ გავაჩერებდით.

გათავისუფლებული თანამშრომლები აპელირებენ, რომ 2-3 დღით დაუგვიანდათ ხელფასი, არ გამოცხადდნენ სამსახურში, რითიც კომპანიას ძალიან დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. იმის გამო რომ 3 დღე დაუგვიანდათ ხელფასი, პროცესში ჩართეს პროფკავშირები, არ მოსულან კომპანიაში, არ დაგვლაპარაკებიან არც მე, არც ხელმძღვანელობას. ერთმნიშვნელოვნად ამბობენ, რომ აქვთ კომუნიკაციის პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აქტიურად ვთანამშრომლობდით მედიაციის პროცესშიც.

რამდენიმე ათასი ლარის ზარალი განიცადა კომპანიამ მათი თვითნებური გაფიცვის გამო. მათი უფლებაა გაიფიცონ, ჩვენი უფლებაა  კომპანიის ინტერესები დავიცვათ“.

პროფკავშირების ცნობით, კომპანიის 30-მდე თანამშრომელი ხვალ გაიფიცება. მათი ძირითადი მოთხოვნებია:

49%-იანი ჯარიმებიდან მიღებული დანაკლისის თანამშრომლებისთვის უკან დაბრუნება; გათავისუფლებული 4 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა; ხელფასის დაგვიანებების პრაქტიკის აღმოფხვრა. დასაქმებულები ასევე ითხოვენ ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას, მოქნილ სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფასა და ზეგანაკვეთური მუშაობისას ანაზღაურების მიღებას.