„დემოკრატებმა“ კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს

პუბლიკა

დემოკრატთა წარმომადგენლობის პალატამ აშშ-ს კონგრესში ოფიციალურად წარადგინა რეზოლუცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რეზოლუციის მიხედვით, მას ბრალად ედება იმ ამბოხებულთა წახალისება, რომლებიც გასულ კვირას კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

იმპიჩმენტის რეზოლუცია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატა სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს გაიტანს კენჭისყრაზე, შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დემოკრატებმა იმპიჩმენტის პროცედურა მეორედ დაიწყონ. ასეთ შემთხვევაში ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომლის წინააღმდეგ იმპიჩმენტი ორჯერ დაიწყო.

რეზოლუციის ერთ-ერთი თავი, რომელიც პალატამ დღეს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე წარადგინა, ყურადღებას ამახვილებს ტრამპის მრავალჯერად ყალბ მტკიცებებზე არჩევნებში გამარჯვების შესახებ, რომელიც წინ უძღვოდა პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციებს და შემდგომ, 6 იანვარს წარმომადგენლობითი ორგანოს დარბევას. მასში ასევე საუბარია ტრამპისა და ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელთა სატელეფონო ზარზე, სადაც ტრამპი ითხოვს არჩევნებში გამარჯვებისთვის სამყოფი ხმების მოძიებას.

რეზოლუციაში ციტირებულია აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ თანამდებობაზე ისეთი პირის ყოფნას, რომელიც მონაწილეობს სახელწიფოს წინააღმდეგ ამბოხში ან ახალისებს მას.

CNN-ის მიხედვით, დემოკრატები ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ტრამპის იმპიჩმენტი განხორციელდეს.