პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ლიდერი და „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშია გამოცემა Vice-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ დემოკრატიის არ სჯერა და როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, „ძალიან, ძალიან ბევრ კანონს შეცვლიან“. სიუჟეტი მოგვითხრობს, როგორი განწყობებია საქართველოში უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შესახებ.
ჟურნალისტი: 5 ივლისს, ასევე ქობულეთის ოფისთან თქვენი მხარდამჭერების მხრიდან ძალადობის ფაქტებს არ გმობთ?
მორგოშია: არა. არ ვგმობ. შემიძლია მოგატყუოთ, მაგრამ არ მოგატყუებთ. არ ვგმობ. ისინი მოიქცნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ.
ჟურნალისტი: დემოკრატიის გჯერათ?
მორგოშია: არა, არ მჯერა დემოკრატიის.
ჟურნალისტი: მაშინ არჩევნებში რატომ მონაწილეობთ, თუ დემოკრატიის არ გჯერათ?
მორგოშია: იმიტომ, რომ ამ სიტუაციისა და კანონმდებლობის ფარგლებშიც კი ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ არჩევნებში გავიმარჯვოთ. ხოლო, როცა გავიმარჯვებთ, ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრ კანონს შევცვლით.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსულმა და ძალადობრივმა პლატფორმა „ალტ-ინფომ“ დააფუძნა. მისი ორგანიზებით, 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ჰომოფობიურ აქციაზე ათობით ჟურნალისტზე იძალადეს.
„კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთბის მომხრეა. მისი ლიდერები უკვე შეხვდნენ რუსეთის დუმის დეპუტატებს ონლაინ კონფერენციის ფარგლებში. პარტიის წევრები სრული შემადგენლობით რუსეთში წასვლასაც გეგმავენ.
პრორუსული პარტიის ოფისებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები იმართება. ზოგიერთ ქალაქში პარტიას ოფისები დაახურვინეს და ფართიდან გააძევეს.