მორგოშია 180 000-ლარიან ჯარიმას მე-6 წელია, არ იხდის | რას ამბობენ აღსრულების ბიუროში

პუბლიკა

პრორუსული და ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ლიდერი და „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფინანსებელი, კონსტანტინე მორგოშია სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდაზე მე-6 წელია, უარს აცხადებს და არც მომავალში აპირებს გადახდას. იგი 2017 წლიდან მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული.

2016 წელს აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე მორგოშია სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 183 200 ლარით დააჯარიმა, რადგან როგორც აუდიტის სამსახური აცხადებდა, მორგოშიამ „პატრიოტთა ალიანსს“ კანონით დადგენილ თანხაზე მეტი, 91 600 ლარი ოჯახის წევრების მეშვეობით შესწირა.

„ოჯახის წევრებმა შესწირეს ნამდვილად. ჩემი ოჯახის წევრებს აქვთ თავისი სახსრები ახლაც და მაშინაც ჰქონდათ… მაგრამ რატომღაც მომაბეს მე. არც ვაპირებ გადახდას. ვალია, გადაიხადოს ნინო ლომჯარიამ. მე რატომ უნდა გადავიხადო. ეგ ვალი არის 2016 წლის, რომელიც ნინო ლომჯარიამ მიზანმიმართულად დაწერა. მაშინ აუდიტის სამსახურში ნინო ლომჯარია იყო“, – ამბობს მორგოშია „პუბლიკასთან“.

როგორც აუდიტის სამსახური მაშინ აცხადებდა, „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ, კანონით დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლის მიზნით, მისი კუთვნილი თანხა (91 600 ლარი) გადაანაწილა სხვა პირებზე [ნინო გოზალიშვილი – 40 000; გიორგი მორგოშია – 51 600 ლარი], რათა მათ ეს თანხა პარტიისთვის შეეწირათ.

შეკითხვაზე, რა ზომები მიიღო სახელმწიფომ ვალის გადახდაზე უარის საპასუხოდ, დაყადაღდა თუ არა მორგოშიას ქონება და წილები, აღსრულების ეროვნულ ბიუროში „პუბლიკას“ პასუხობენ, რომ ფიზიკურ პირზე ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია.

უწყებაში ამბობენ, რომ მოვალეთა რეესტრში ყოფნა ავტომატურად ნიშნავს, რომ პირი პირადი ანგარიშითა და ტრანზაქციებით ვერ ისარგებლებს. კონსტანტინე მორგოშიას ვკითხეთ, სარგებლობს თუ არა პირადი ანგარიშითა და ტრანზაქციებით:

„საერთოდ არ ვიყენებ, არ მაქვს არცერთ ბანკში ანგარიში, არაფერი არა მაქვს, ბარათიც კი არა მაქვს“, – ამბობს მორგოშია.

„პუბლიკამ“ მორგოშიას ჰკითხა, რა გზით აფინანსებს „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიულ მოძრაობას“. გარდა ამისა, ვკითხეთ, შეექმნა თუ არა პრობლემა იმ კომპანიებში, რომელთა მეწილეთა ჩამონათვალშიც თავად ფიქსირდება.

„მარტივი გასარკვევია. მე ყადაღა დამადეს, როგორც ფიზიკურ პირს. მოვალეთა რეესტრში ვარ მაქედან გამომდინარე. როგორც ფიზიკური პირს, მე არანაირი ქონება არ გამაჩნია, არც 2016-ში გამაჩნდა და არც ახლა. შპს არის შპს და დამფუძნებლის ვალთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, – ამბობს მორგოშია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ (GMC) მიერ მომზადებული მასალის თანახმად, სხვადასხვა დოკუმენტში კონსტანტინე მორგოშია არის ციალა მორგოშიასა და გიორგი მორგოშიას წარმომადგენელი და მათი სახელით ახორციელებს უძრავი ქონების შეძენა/გასხვისებას, ახალი კომპანიების რეგისტრაციას და სხვა ფინანსურ ტრანზაქციებს. ციალა მორგოშია კონსტანტინე მორგოშიას მამიდაა, ხოლო გიორგი მორგოშია – მისი ძმა.

აღსრულების ბიუროში „პუბლიკას“ პასუხობენ, რომ, თუ აღსრულებისთვის თავის არიდების მიზნით მოვალე საეჭვო ზომებს იღებს, საგამოძიებო უწყებებს მხოლოდ თვალსაჩინო მტკიცებულებების შემთხვევაში მიმართავენ. თუმცა უწყებაში ვერ გვპასუხობენ, გადასცეს თუ არა მორგოშიას საქმე საგამოძიებო უწყებას. 

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კონსტანტინე მორგოშია დაკავშირებულია რამდენიმე კომპანიასთან. ეს კომპანიებია:

  • შპს მაგნუს დიზაინი (მეწილე);
  • შპს ალტერნატივა საქართველოსთვის (დამფუძნებელი/დირექტორი);
  • შპს გრანდე გრუპ ჯორჯია (დირექტორი);
  • შპს კემ კონსტრაქშენი (მეწილე);
  • შპს კავკასიონი (თავმჯდომარე).

რაც შეეხება პრორუსული პარტიის ბიუჯეტს, ამ დროისთვის მათი ფინანსებისა და დაფინანსების წყაროს შესახებ მონაცემები საზოგადოებისთვის უცნობია – 2021 წლის წლიური დეკლარაციის მიხედვით, მათ გასულ წელს არ განუხორციელებიათ ფინანსური აქტივობა. აღსანიშნავია, რომ პარტიას საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტი ოფისი აქვს. „პუბლიკამ” მორგოშიას პარტიის ბიუჯეტთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვით მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

GMC-ის მასალაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ „ალტ-ინფოს” მიერ დაფუძნებული პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ დაკავშირებულია როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებასთან.

კონსტანტინე მორგოშიას ვკითხეთ, როდესაც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, იყო თუ არა მისი ადვოკატი მამუკა მდინარაძე. მორგოშიამ დაგვიდასტურა, რომ მდინარაძე ნამდვილად იცავდა მის უფლებებს. მორგოშიას რამდენიმე წლის წინ პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებაც ვკითხეთ, რომელშიც ნახსენები იყო, რომ 2006 წელს, როდესაც ბანკში მუშაობდა, მდინარაძეს თავდებში ჩაუდგა, რათა მანქანის შესაძენად სესხის აღება შესძლებოდა – მან ეს ინფორმაცია დაადასტურა.

2019 წელს მორგოშია წერდა, რომ მდინარაძეს 1999 წლიდან იცნობს და რომ ის მისი რაიონის გამომძიებელი იყო. გარდა ამისა, მორგოშია მდინარაძის დაკავების ამბავსაც იხსენებდა.

„მათი დაკავება მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირი დავალებით. თუ არ ვცდები, ბრალდება იყო ბრძანების არშესრულება, ანუ მამუკამ და მისმა განყოფილებამ არ დაიჭირა „აღორძინების“ უდანაშაულო აქტივისტები. მამუკა, გიგა და ზაზა… ჯოხთაბერიძესთან და ა.შ …. ერთად ისხდნენ ციხეში. ბიჭებს მათთან საღამოობით „პერედაჩები” მიგვქონდა და ვღადობდით, რა დრო დადგა პოლიციელებს „პერედაჩებს” ჩვენ ვუკეთებთ-თქო“, – წერდა მორგოშია.