დემოკრატიულ ქვეყნებში კრიტიკული მედიის დირექტორებს არ იჭერენ და დევნიან - საძაგლიშვილი

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. 

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მედიასთან ისაუბრა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სამართლებრივ შეფასებას აზრი არ აქვს.

„სამართლებრივ შეფასებას აზრი არ აქვს ახლა და არც მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ერთადერთი რამის თქმა მინდა საზოგადოებისთვის, თუ ვინმეს ჰგონია რომ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადი და ინტეგრაცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კითხვაზე რა პასუხი გასცა საქართველოს ხელისუფლებამ, მწარედ ცდება.

სინამდვილეში დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების მიერ გაკეთებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ, ჩვენმა კოლაბორაციონისტულმა ხელისუფლებამ აირჩია რუსეთის მხარე იმ გლობალურ ბრძოლაშის რაც ახლა მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ.

დემოკრატიულ, დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიის საშუალების დირექტორებს არ იჭერენ და არ დევნიან განსხვავებული აზრის გამო. ვფიქრობ, ყველა მოქალაქეს უნდა აწუხებდეს ეს ამბავი.

საქმე არ არის იმაში, ვინმეს მოსწონს თუ არა ნიკა გვარამია, ფაქტი ერთია – ხელისუფლებისთვის მიუღებელი ყველა პირი ამ ქვეყანაში იდევნება. დღეს ამას დაესვა ბეჭედი“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება პოლიტიკური გათავისუფლება, როგორც მისი დაჭერა, თუმცა ფორმალურად ისინი მაინც აპირებენ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ  დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება.