დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ – საქართველო მან 7 დღეში უნდა დატოვოს

პუბლიკა

„უფლებები საქართველოს“ ცნობით, დღეს, 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული დენის კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.

მას საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა.

დენის კულანინი იმ პირებს შორისაა, რომელიც 28 აგვისტოს მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა. ყაველაშვილმა შეიწყალა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 პირი, რომლებმაც მას შესაბამისი განცხადებით მიმართეს.

დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 4 ივნისს მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა პოლიციის მანქანის დაზიანება, 2025 წლის 28 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს.

შეწყალების შემდეგ ის მიგრაციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. საქართველო კულანინს 1 სექტემბერს უნდა დაეტოვებინა და მესამე ქვეყანაში გაფრენილიყო. მისმა ადვოკატებმა სასამართლოსა და დროებითი განთავსების ცენტრს წარუდგინეს მისი ავიაბილეთი, პასპორტი და ჩასხდომის ბარათი, თუმცა ხელისუფლებამ მესამე ქვეყანაში წასვლის უფლება არ მისცა.

ამის შემდეგ სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დენის კულანინის საქმეს გამოეხმაურა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ის რუსეთში არ გააძევონ, რადგან ამჟამინდელი, მკაცრი რეპრესიების პირობებში, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოსულ განსხვავებული აზრის მქონე პირებს ეხებათ, მას შესაძლოა დაემუქროს თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის, წამებისა თუ სხვა სახის არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე“.