17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.
საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ევროკომისიამ შემდეგი რეკომენდაციები გამოაქვეყნა:
1. [საქართველომ უნდა] უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით.
2. უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილად მუშაობის. მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულების, ასევე მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება; საარჩევნო კანონმდებლობის მეტად გაუმჯობესება ეუთო/ოდირ-ის და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებით;
3. მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის სტრატეგია და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებულია ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე;
უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მთელი სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვის განმავლობაში, ასევე უფლებამოსილებების დანაწილების უზრუნველსაყოფად;
კერძოდ, უზრუნველყოს სასამართლოს ყველა ინსტანციისა და პროკურატურის გამართული ფუნქციონირება და მთლიანობა, განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოსი და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ყველა ინსტანციაში მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის დანიშვნების შესახებ;
განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;
4. გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც აერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების მკაცრი განხილვის მიზნით;აღჭურვოს ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა;
5. შეასრულოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით;
6. გააძლიეროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საფრთხის დეტალური შეფასებების საფუძველზე, განსაკუთრებით საფუძვლიანი გამოძიების, სამართალდევნისა და მსჯავრდებების კუთხით; უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა;
7. გააძლიეროს ძალისხმევა თავისუფალი, მაღალპროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს და დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და სხვა მედიამუშაკებისთვის შექმნილი საფრთხეების დროს;
8. იმოქმედოს სწრაფად, რომ გააძლიეროს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის, ძალადობაში მონაწილე პირებისა და ძალადობის წამხალისებლების პასუხისგებაში უფრო ეფექტიანად მიცემის გზით;
9. განსაკუთრებით გაზარდოს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით;
10. უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე;
11. შეიმუშავოს ისეთი კანონმდებლობა, რომ ქართულმა სასამართლოებმა განსჯის პროცესში პროაქტიულად მიიღონ მხედველობაში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებები;
12. უზრუნველყოს, რომ ახალი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) დასახელების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ ფიგურას და ეს პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; უზრუნველყოს სახალხო დამცველის სამსახურის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
ევროკომისია წერს, რომ ისინი თვალს მიადევნებენ საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების გადაწყვეტაში და 2022 წლის ბოლოს მათ შესახებ ანგარიშს წარადგენენ.