დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფები შექმნა.

კომიტეტში შეიქმნა 5 სამუშაო ჯგუფი: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.

კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.

 საქართველოს პარლამენტის ცნობით, „დეოლიგარქიზაციის“, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების სამუშაო ჯგუფებს უხელმძღვანელებს იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ხოლო  საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

პარლამენტის ცნობით, სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და  საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები,  მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას.

მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.