მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე, პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი - როგორ გეგმავს „ოცნება“ დეპოლარიზაციას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობას იწყებს.

ირაკლი კობახიძემ პუნქტობრივად დაასახელა ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც „ოცნება“ გეგმავს.

ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლარიზაციის დასრულება იყო.

კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომლის გამოც საზოგადოების ყურადღება მთავარი თემებიდან, ვიწრო პოლიტიკური დატვირთვის მქონე მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი.

კობახიძე ამბობს, რომ ამის აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია, შემცირდეს „რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გუნდი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და ანალოგიურად მოუწოდებს ოპოზიციას, მომდევნო 6 თვე თავი შეიკავოს ისეთი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს.

„იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, საქართველოში პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობოებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პოლარიზებულ კამპანიაში უშუალოდაა ჩართული“, – ამბობს ის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპოლარიზაციის აღმოსაფხვრელად პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.

„[ჯგუფი] განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და ტენდენციების შესახებ.

მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიის, NGO-ების და პოლიტიკურ პროცესში ჩართული სხვა ჯგუფების მიმართ.

ჯგუფის შემადგენლობა და სამუშაო ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა. პირველი პუნქტის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile