დეპოლარიზაციისთვის სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და ივანიშვილი დაბრუნდეს - „გირჩი“ და „მოქალაქეები“

პუბლიკა

პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

მათი თქმით, გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დაიწყოს, პირველივე პუნქტშია მოცემული და მოუწოდებს მხარეებს, აღმოფხვრან პოლიტიკური პოლარიზაცია.

მათი შეფასებით, პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არცერთმა პარტიამ, რომელიც  დღეს პოლიტიკურ ველზე  აქტიურობს, ხოლო ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.

„დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული.

მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ევროკავშირისკენ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

  1. განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე, მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.

  2. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური  სივრციდან. მის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების  მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველი პოლიტიკური ძალას  კი გამოაცლის  „მტრის ხატს“,  რომელთან პოლემიკაც  ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ  გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობასაც მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს  თანამედროვე პოლიტიკურ ძალად.   ამავე კონტექსტში ასევე,  მნიშნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის  ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.

  3. ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა  ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის.  პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში  დეოლიგარქიზაციის  ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება  ქართულ პოლიტიკაში.  იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა, ყველა ფორმალური  პოლიტიკური  აქტორი,  განსაკუთრებით ისეთი  გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და  მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში”, – ნათქვამია „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ ერთობლივ განცხადებაში.

მათივე თქმით, ამ ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ, პირდაპირი წინაპირობაა, ევროკავშირის მიერ 12 პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების  შესრულების და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, ახალი  დემოკრატიული პოლიტიკური თამაშის წესების  და ტრადიციების  დამკვიდრებას,  რაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან, კონსოლიდირებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს.

LB loan image desktop LB loan image mobile