დეპუტატ ხელაშვილს თავისსავე მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია მიმართავს

პუბლიკა

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თავის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, ხმა არ მისცეს კანონს თავისსავე მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი მიმართავს მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ხელაშვილს, ხმა არ მისცეს კანონს თავისსავე მიერ დაფუძნებული და სხვა მსგავსი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა საქმიანობაშიც წლების მანძილზე თავად დიდი წვლილი შეიტანა!”- ვკითხულობთ განცხადებაში. 

დღეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრინციპების დონეზე უნდა განიხილონ, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ მომზადებული ორი კანონპროექტი. კანონპროექტები რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონის ანალოგია და მისი მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვაა.

კანონი „აგენტის” იარლიყს აკრავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უშვებს აუდიტის მიერ ორგანიზაციებში შენახული პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას და ასევე „ანონიმური” წერილების საფუძველზე ინსპექტირების დაწყების შესაძლებლობას.

ე.წ. „აგენტების კანონპროექტი“ არაკონსტიტუციურია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ ევრო-ატლანტიკური განვითარების ვექტორს.