დეპუტატ კობა კობალაძის შვილს ბრალი წარუდგინეს

პუბლიკა

პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულთა შორის არის „ქართული ოცნების” დეპუტატის, კობა კობალაძის შვილიც.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.”, – წერს პროკურატურა.

იწყების ცნობით, ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, რაც შეეხება ვ.კ.-ს, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ვინაიდან ის თავს არიდებს გამოძიებას, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

პროკურატურის ცნობით, დეპუტატის შვილს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით ედება.