დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა აღნიშნულ პირებს გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობასა და ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, ქ. თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ.”, – წერს პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, დეპუტატის შვილს ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით ედება.