დეპუტატები ყოფილი მოსამართლის ინტერვიუზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

პუბლიკა

პარლამენტის ხუთი დეპუტატი: ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება ყოფილი მოსამართლის ინტერვიუში მონათხრობზე, რომელიც „სასამართლო გუშაგმა“ 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ემიგრანტია, იხსენებს, როგორ შეეშალა ხელი მის კარიერულ წინსვლას იმის გამო, რომ მხარს არ უჭერდა ე.წ. „კლანის“ გადაწყვეტილებებს და როგორ ერეოდა მისი საქმეების შინაარსში სასამართლოს თავმჯდომარე.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას განცხადებით, ინტერვიუში ყოფილი მოსამართლის მონათხრობი შეიცავს ინფორმაციას სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებრივი მეთოდების შესახებ.

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველია. მოვუწოდებთ ბატონ შოთაძეს, შეისწავლოს ინტერვიუში დასახელებული ფაქტები“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ინტერვიუ არის სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი მხილება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს სისტემა დანაშაულებრივი მეთოდებით იმართება.

ნაცვლიშვილის თქმით, დეპუტატები მოუწოდებენ პროკურატურას, საჯაროდ განაცხადონ გამოძიების დაწყების შესახებ.

დეპუტატების განცხადებით, მიმართვის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ინტერვიუში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.

დეპუტატი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ინტერვიუში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზეცაა საუბარი. მან საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და „ოცნების“ მიერ განუხილველი კანონპროექტი გაიხსენა.


„არჩევანს შეწირული კარიერა“ – „სასამართლო გუშაგმა“ ამ სათაურით გამოაქვეყნა ინტერვიუ ყოფილ მოსამართლე ანა ღელეყვასთან.

„ანა ღელეყვა სისტემიდან სასამართლოს კლანმა გარიყა. ამ ინტერვიუში კარგად ჩანს, როგორ და რატომ“, – ნათქვამია ინტერვიუს დასაწყისში.

რას ამბობს ყოფილი მოსამართლე ინტერვიუში

ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ მას მოსამართლობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

მისივე თქმით წლების განმავლობაში, ის კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობდა, მაგრამ კვალიფიკაციას გადანიშვნის დროს არ ითვალისწინებდნენ.

„მთავარი კრიტერიუმი მათდამი ერთგულება იყო. მე ეს პირდაპირ მითხრეს“, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, თუ ვისგან მოისმინა ეს, ანა ღელეყვა იხსენებს:

„როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს [ლევან] მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. – მომავალში რა მოტივაცია ექნებათ [სხვა მოსამართლეებს] მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი“.

საკითხი, რომლის მხარდაჭერაზეც, ყოფილი მოსამართლის თქმით, ლევან მურუსიძე საუბრობდა, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ლევან თევზაძის არჩევა. ანა ღელეყვა მხარს მეორე კანდიდატს, ეკატერინე გასიტაშვილს უჭერდა.

„მე ჩემმა ახლობელმა მოსამართლემ დამირეკა და მკითხა, ვის ვუჭერდი მხარს. ვუთხარი, რომ გასიტაშვილს. ასე აღმოვჩნდი გასიტაშვილის მხარდამჭერთა სიაში. შემდეგ მოსამართლე ლევან თევზაძე მოვიდა ჩემთან სამსახურში. ასე დადიოდნენ – საარჩევნო კამპანია ჰქონდათ. მასაც ვუთხარი, რომ შანსი უნდა მიგვეცა ახალი ძალისთვის. მესმის, რომ ჩემი მხრიდან გულუბრყვილობა იყო, მაგრამ მაშინ ასე მჯეროდა. კარგად მახსოვს ლევან თევზაძის სიტყვები დამშვიდობებისას: მომცემ ხმას, მოგცემ ხმასო.

ასე პირდაპირ არ მოქმედებენ. არაფერი დაუწუნებია. არც ის უკითხავს, ხმას ვის აძლევო. ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან კარგად იციან წესები და სისხლის სამართალი. რბილად მოქმედებენ“, – იხსენებს ის.

ღელეყვა ამბობს, რომ მისი შთაბეჭდილებით, გადანიშვნის მეორე შანსს არჩევანის შეცვლის შემთხვევაშიც ვეღარ მიიღებდა.

ყოფილი მოსამართლის შთაბეჭდილებით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ლევან მურუსიძეს არ მიუღია.

ამავე ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ ქუთაისის სასამართლოში მისი მუშაობისას სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრების დროს მოსამართლეების საქმეების შინაარსსაც განიხილავდნენ.