დეპუტატების თქმით, რაჭაში დავით ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემა რუსული საქმე და ქვეყნის ღალატია

პუბლიკა

პარლამენტის დეპუტატების, ხათუნა სამნიძის, თეონა აქუბარდიას და თამარ კორძაიას განცხადებით, ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 104 712 კვადრატული მეტრი ტერიტორია.

დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში მიწების და ტყეების გადაცემა და მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფა რუსი ბიზნესმენის ინტერესის ხარჯზე ქვეყნის მტრობა და ღალატია.

„წინა დღეებში, მე, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ვიმყოფებოდით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე და ვათვალიერებდით იმ ტერიტორიებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსი ოლიგარქების გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებს 49 წლით სამართავად. ტერიტორიის მასშტაბი არის 104 712 კვ.მ ეს არის საქართველოს ტერიტორიის 4,1%. ეს ტერიტორიები გადაეცა ხიდაშელს, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც დავით გარეჯის კონფლიქტის ინიციატორს და შემოქმედს. ასევე, არასანდო პარტნიორს იმიტომ, რომ მან ახტალაში იყიდა ინვესტიციების განხორციელების მიზნით სასტუმრო და ეს ვალდებულებები არ შეუსრულებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი დავა არის სასამართლოშიც და პროკურატურაშიც, თუმცა, დავით ხიდაშელი არის ხელშეუხებელი ადამიანი და არცერთი საკითხი წინ არ დაძრულა იმიტომ, რომ დავობენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლები.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაჭაში, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიწების, ტყეების, იქაური მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა რუსი ბიზნესმენების ინტერესების ხარჯზე, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი. ღალატი გამოიხატება იმაში, რომ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია ერთ კვ. მეტრში 45 დოლარად აეღო საკუთარი პასუხისმგებლობით და ეს ტერიტორიები თავისი ეკოსისტემებით დაეცვა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენს,  ხიდაშელს 11 ლარად გადასცა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, კორუფციულ გარიგებაზე მიუთითებს ის, რომ ონის მაშინდელი მერი დავით ხიდაშელის კომპანიაში დასაქმდა.

„ეს არის კორუფციული გარიგება, ამის ეჭვს აჩენს ისიც, რომ ონის უკვე ყოფილი მერი ბატონი საბანაძე ძალიან მალე დაინიშნა ბატონი ხიდაშელის კომპანიის ერთ-ერთ დირექტორად.

მიწის 224 ნაკვეთი არის გადაცემული პროკურატურისთვის – სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს საკუთრებას ედავება, რადგან ეს მიწები მოექცა ხიდაშელისთვის  გადაცემულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თეონა აქუბარდიას შეფასებით, ტერიტორიის რუსეთში კავშირების მქონე ბიზნესმენისთვის გადაცემა, ფაქტობრივად, რუსული ოკუპაციაა.

დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხის შესწავლას იწყებენ. მათი თქმით, საკითხი უსაფრთხოების თვალსაზრისით არ შესწავლილა, ასევე არ გაუთვალისწინებიათ გარემოს დაცვის საკითხები.

თამარ კორძაიას თქმით, სახელმწიფო არ ამბობს, სად გადის ხიდაშელის საკუთრების საზღვარი.


ბიზესმენს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Mtisambebi.ge-იმ გაავრცელა. 

2022 წლის 24 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემით საქართველომ ორ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დაკარგა.

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც ვლადიმერ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირია, „კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. არსებული ცნობებით, მან მოიძია რუკა, რომლის შემდეგაც საქმეზე გამოძიება დაიწყო. ხიდაშელს კარგი ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან, ის სამთავრობო დელეგაციას საერთაშორისო ვიზიტებშიც დაჰყვებოდა.