რონ დესანტისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა

პუბლიკა

აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან თავისი კანდიდატურა დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მოხსნა და ამის შესახებ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპი ბევრად სჯობს. მან თავის მომხრეებს ტრამპის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

„ვამაყობ, რომ ჩემი დაპირებები 100%-ით შევასრულე და ახლა არ გავჩერდები. ჩემთვის ნათელია, რომ რესპუბლიკელების ამომრჩეველთა უმრავლესობას სურს, დონალდ ტრამპს კიდევ ერთი შანსი მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი დონალდ ტრამპს, თუნდაც კოვიდპანდემიისა და ენტონი ფაუჩის დაწინაურების შემთხვევაში, ტრამპი ამჟამინდელ მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აღემატება. ეს გასაგებია. მე პირობა დავდე, რომ რესპუბლიკელ კანდიდატს მხარს დავუჭერდი, და ამ პირობას შევასრულებ. მას (რედ. დონალდ ტრამპს) ჩემი მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა დესანტისმა ვიდეოში.

15 იანვარს აიოვას შტატმა პირველმა ჩაატარა კანდიდატის კენჭისყრა, რომელმაც „რესპუბლიკური პარტიიდან“ შემოდგომის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

რონ დესანტისმა ხმათა 21.2%-ით მეორე ადგილი აიღო, ხოლო ტრამპი პირველ ადგილზე 51%-ით გავიდა.