დესტრუქციულ ძალებს საკრებულოების პარალიზების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ - კახიანი

პუბლიკა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას საკრებულოს ნაცვლად ცესკო ცნობს.

კანონპროექტი ჯერ პარლამენტში არ დაინიცირებულა, შესაბამისად დოკუმენტი, ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი არაა.

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კახიანი მედიასთან აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ინიციატივას, რომელიც, მისი თქმით, რადიკალურ ჯგუფებს საკრებულოს საქმიანობის პარალიზების შესაძლებლობას არ მისცემს.

„რადიკალურ, სრულიად დესტრუქციულ ძალებს საკრებულოების პარალიზების შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როცა რადიკალური ოპოზიცია ბათუმში საკრებულოს მუშაობის პარალიზებას ცდილობს. ამიტომ ხელისუფლებამ ამის საწინააღმდეგოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს. აღნიშნულ ინიციატივას პირადად მე არ გავცნობივარ, მაგრამ, თუკი ასეთი ინიციატივა არსებობს, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. საკრებულოს პარალიზება ბათუმელების ინტერესების დაუცველობას და ბათუმის სასარგებლოდ კონკრეტული მოქმედებების შევერხებას ნიშნავს“, – განაცხადა კახიანმა.


ბათუმის საკრებულოში თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შემდეგ საკრებულოს სხდომები კვორუმის არარსებობის გამო ვერ ტარდება. სხდომებს ოპოზიცია არ ესწრება.

საკრებულომ შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული „ოცნების“ დეპუტატის, რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება უნდა ცნოს და საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიოს.

ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. სხდომის გახსნას 18 დეპუტატი სჭირდება.

ახალარჩეული ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება. 17 დეპუტატი ჰყავს ოპოზიციას, ერთი დეპუტატი, გახარიას გუნდის ყოფილი წევრი ირაკლი თავდგირიძეა, რომელიც აცხადებს, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ თავდგირიძე „ოცნების“ გადაწყვეტილებებს დაუჭერს მხარს.

საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის საკრებულო 3 ივნისამდე შეკრებას ვერ შეძლებს, მაშინ საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნება.