ISFED არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში შექმნილ ვითარებას აფასებს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ბათუმის საკრებულოში შუალედური არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებას აჯამებს.

35-წევრიან თვითმმართველ ორგანოში ამჟამად ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ძალთა ბალანსი 17-17 დეპუტატითაა განსაზღვრული, შესაბამისად უმრავლესობა არც ერთს არ აქვს.

2 აპრილის შუალედური არჩევნების შემდეგ „ოცნებამ“ საკრებულოში მე-18 წევრი დაიმატა, თუმცა იმის გამო, რომ უმრავლესობას არავინ ფლობს და ოპონენტები ერთმანეთს ბოიკოტს უცხადებენ, ვერ ხერხდება საკრებულოს სხდომების მოწვევა და მისი უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების ცნობის გარეშე კი არჩეული დეპუტატი საქმიანობას ვერ შეუდგება. ვერ ხერხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

„საყურადღებოა, რომ კვორუმის შეუმდგარობა შეუძლებელს ხდის სხდომის გახსნას და საკრებულოს მუშაობის პარალიზებას ახდენს. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” არეგულირებს თვითმმართველ ერთეულებში გაჭიანურებული კრიზისის გადაწყვეტის გზებს. კანონი განსაზღვრავს საკრებულოში კვორუმის შეუმდგარობის შედეგს, კერძოდ: თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.

საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, შეიძლება შემოღებულ იქნას პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რომელიც გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები − მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე ვადით.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს რიგგარეშე არჩევნები იმართება. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. რიგგარეშე არჩევნებში საკრებულო აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ბათუმის საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს შეკრებას, საქართველოს მთავრობა მიიღებს დადგენილებას საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შესაბამისად, თუ 3 ივნისამდე არ გაიმართა საკრებულოს ერთი სხდომა მაინც, მას უფლებამოსილება შეუწყდება და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

„შუალედური არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, ოპოზიციის სხდომაზე გამოუცხადებლობამ სახელისუფლო პარტიასთან დაპირისპირება გაამწვავა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის, მოღალატეების ფრთის-ომის პარტიის “ადგილი არ არის არც საკრებულოში, არც უმაღლეს საბჭოში. მათი ადგილი კარგ შემთხვევაში არის ქუჩაში, ცუდ შემთხვევაში ციხეში.” თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები შევლენ საკრებულოში, ისევე, როგორც უმაღლეს საბჭოში შევიდნენ და საკრებულოს გამართულ ფუნქციონირებას წინ არაფერი უდგას.

საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით არსებულ პრობლემებსა და თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო გამარჯვების მიმართ ხელისუფლების არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე, “სამართლიანი არჩევნები” ოპოზიციური უმრავლესობის მქონე მუნიციპალიტეტების საკრებულოების მუშაობაზე დაკვირვების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშიც მიუთითებდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ჯერ კიდევ არაა აღქმული თავისი კომპეტენციის სფეროში დამოუკიდებლად მოქმედ სუბიექტებად, ხელისუფლება ვერტიკალურად გადანაწილებული არ არის და, შესაბამისად, თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივ გაგრძელებად მიიჩნევა. სწორედ ამის გამოხატულება იყო, ბათუმის შუალედური არჩევნებისათვის „ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციული და სხვა რესურსის მასშტაბური მობილიზაცია, აუცილებელი გამარჯვების მისაღწევად, რათა ბათუმის საკრებულო ოპოზიციური არ გამხდარიყო.

შექმნილი ჩიხური სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულმა სახელმწიფომ, პოლიტსპექტრმა და საზოგადოებამ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ნამდვილი თვითმმართველობის მისაღწევად დიდი გზა უნდა გაიაროს“, – აცხადებს ისფედი.