„დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ“ | შაკო კუჭაშვილმა მოძრაობა „წინ'სვლა“ დააფუძნა

პუბლიკა

„შეიქმნა ახალი მოძრაობა დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ“ – ამბობენ მოძრაობა „წინ’სვლას“ დამფუძნებლები.

მოძრაობის დამფუძნებლები არიან შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ახალგაზრდული ჯგუფების კონსოლიდაციით შეიქმნა მოძრაობა „წინ’სვლა“.

„რომელიც ყველა კანონისმიერი გზით წინააღმდეგობას გაუწევს დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც აქტიურად აფერხებენ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, წინსვლას. უკვე გვაქვს ოფისი და უახლოეს მომავალში გვექნება პირველი აქტივობა“, – ამბობენ ისინი გავრცელებულ პრესრელიზში.

შექმნილია მოძრაობის ფეისბუქგვერდიც. მისი ერთ-ერთი დამძუნებელი შაკო კუჭაშვილი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია, გამოირჩევა „ქართული ოცნების“  მხარდამჭერი აქტივობებით. მან ოპოზიციის წინააღმდეგ 2019 წლის დეკემბერში პარლამენტის წინ კარავიც გაშალა. ის ამბობდა, რომ ოპოზიცია თუ პარლამენტის შენობის პიკეტირებას დაიწყებდა, ის პოლიციას დაეხმარებოდა.

როგორც ის ამბობს, ახალი მოძრაობა „იქნება, ერთი მხრივ, ხმაურიანი და მეორე მხრივ – კონსტრუქციული”.

„ჩვენ ვხსნით ბრძოლის ახალ ფრონტს – ვიწყებთ ბრძოლას პოლიტიკურ ჭაობთან, მობეზრებულ სახეებთან, ქვეყნის განვითარების მუხრუჭებთან, სტაბილურობის წინააღმდეგ გალაშქრებულ ჯგუფებთან“,  – წერს ის.