დეტალები სამტრედიაში მოკლული ქალის შესახებ – შსს განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათი თქმით, 1992 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

„დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში განქორწინების პროცედურის დაწყებამდე ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.