„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და საარჩევნო ბლოკის “ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა მისი გუნდის მიერ გუშინ წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ვიდეომიმართვაში შეაფასა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშიამ“ ძლიერი გუნდი წარადგინა, რაც „ოცნების“ დამარცხების და ხელისუფლების შეცვლის ნიშანია.
მან ასევე ისაუბრა დევი ჭანკოტაძეზე, რომელიც გუშინდელ პრეზენტაციამდე სამტრედიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა და ამ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურიც ადასტურებდა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჭანკოტაძე პარტიული სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იქნება.
„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“/გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ შეძლეს წარმოდგენა ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის და გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალშემომატებული ხალხი: აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია, ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი ძალიან გამორჩეული, წამყვანი, წარმატებული ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა.
ასევე შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი – სუპერვარსკვლავი არამხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში და ესეც ძალიან დიდი შენაძენია.
ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, იმიტომ რომ ამ ადამიანს წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე და ის, რომ დევი ჩვენთან ერთად არის, ეს ნიშანია, რომ მივდივართ გამარჯვებისკენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.