საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, დავით დევიძის განცხადების თანახმად, რუსული კანონის აღსასრულებლად საჯარო რეესტრს შეეძლება, შესაბამისი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს. მათ შორის, ბანკებიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოში, სხდომაზე, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვა დღეს, 30 აგვისტოს გაგრძელდა, დევიძემ თქვა, რომ საჯარო რეესტრი ორგანიზაციების ოფისებში არ შევა – რეესტრი ინფორმაციას წერილობით გამოითხოვს.
„ისმებოდა საკითხი, საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში. ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, წერილობითი ინფორმაციის გამოთხოვა, პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი.
შემდეგ მათ ექნებათ ვალდებულება, რომ წარუდგინონ საჯარო რეესტრს ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, შემდეგ შეგვიძლია, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვებთ შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად ბანკები, საიდანაც შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, წყაროები და ა.შ.” – თქვა დავით დევიძემ.