დევნილებისთვის ბინების გადასაცემად ქულების დათვლის სისტემა შეიცვლება - „ოცნებამ“ კანონპროექტს I მოსმენით დაუჭირა მხარი

პუბლიკა

„ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას.

კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 5 ივლისს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი არსია, რომ დევნილის ოჯახისთვის, წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, საცხოვრებლის გადაცემა მოხდეს ქულათა იმავე რაოდენობის მიხედვით, როგორიც მას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემისას ჰქონდა.

კერძოდ, დევნილთა შესახებ კანონის 23-ე პრიმა მუხლს, რომელიც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებულ პირობებს არეგულირებს, ემატება შემდეგი შინაარსის პუნქტი:

„დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება გარდაცვალებამდე გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დევნილი ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით. ეს წესი არ ვრცელდება გარდაცვლილი ერთსულიანი დევნილი ოჯახის წევრის მემკვიდრეებზე.“

კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ წარადგინა.

პლენარულ სხდომამდე პროექტი განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, სადაც ვახტანგ ყოლბაიამ განმარტა არსებული მექანიზმი და მისი შეცვლის აუცილებლობა:

„დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ამ ოჯახის გრძელვადიანი განსახლება ხორცილედება არსებული ოჯახის რიცხვიანობის გათვალისწინებით.

მოგეხსენებათ, ბინების ე.წ. რიგი ყალიბდება იმ ქულათა რაოდენობით, რომელიც დევნილის ოჯახს ენიჭება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით.

ოჯახის წევრის გარდაცვალება აისახება დევნილთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით ამ ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ. კერძოდ, ოჯახს აკლდება ქულა ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვას მაღალი მომართვიანობით გამოწვეულ რიგებს, მონიტორინგის ჩატარების წესებს და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება.

ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი ვერ მიიღებს იმ ფართობის საცხოვრებელს, რაც უნდა მიეღოთ ოჯახის წევრის გამოკლებამდე.

ამის პარალელურად, გვხვდება შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგაც დევნილები უფლებების დაცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ვეღარ ხერხდება – სანამ სასამართლოები მიმდინარეობს, დავის საბოლოოდ დასრულებამდე დევნილ ოჯახს შეიძლება, გამოაკლდეს ერთი ან რამდენიმე წევრი. შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობს მხოლოდ იმ დროისთვის არსებული მონაცემით.

სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მათ შეუნარჩუნდეთ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების უფლება პირვანდელი მდგომარეობით. აღნიშნული საკითხი კარგა ხანია მზადდება.

ცვლილების შეტანა აუცილებელია იმისთვის, რომ დევნილ ოჯახს არ დააკლდეს ქულები და არ მიიღოს ნაკლები საცხოვრებელი ფართი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი მექნიზმის განსაზღვრას, რომელიც დევნილი ოჯახის ინტერესებს დაიცავს“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ამ ცვლილებას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში მხარდაჭერა უკვე მოპოვებული აქვს.

განახლება: პროექტი მეორე მოსმენით 18 მარტს მიიღეს