დევნილთა სააგენტო 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

დევნილთა სააგენტო აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.

„დევნილ ოჯახს, მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით.

ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს  ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით.

ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული, “- ამბობენ სააგენტოში.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელი ანა არგანაშვილი წერს, რომ ფურცელზე გადაცემულია ეს ბინა ოჯახისთვის და მათ ჯერ გასაღებიც კი არ აქვთ.

„რა თქმა უნდა, ველოდით, დევნილთა სააგენტოს განცხადებას იმაზე, რომ გიგის ოჯახს ბინა გადასცეს. ფურცელზე გადაცემული ბინა 2020 წლის დეკემბერში, როდესაც ოჯახს ჯერ გასაღებიც არ აქვს და როცა ჯერ არავინ შესახლებულა, მათი ინფორმაციით იმ კორპუსში, ბინის ქონას არ ნიშნავს.

ვინაიდან ამ ოჯახს არ ჰქონდა საცხოვრებელი მთელი ეს პერიოდი, ამიტომ ააშენეს ნაგავსაყრალზე სახლი და ამაში შშმ პირთა პენსიის წინასწარგამოტანილი სესხი გამოიყენეს. მათ ამ სესხის აღება და საჭმლის ნაცვლად სახლის აშენება არ მოუწევდათ, ეგ ბინა დროულად რომ გადაგეცათ. მათი მთავარი მოთხოვნაც ესაა, სესხი, რაც სახლის აშენებაში გადაიხადეს, დაუბრუნოთ და სანამ ზუგდიდის გასაღები არ ექნებათ, ქუჩაში არ დატოვოთ.

შშმ პირთა პენსია ადამიანებს იმისთვის აქვთ დანიშნული, რომ საჭმელი ჭამონ და არა ნაგავსაყრელზე სახლები აშენონ. თქვენ კი, ადამიანების საჭმლის ფულით აშენებულ სახლებს ბულდოზერები არ უნდა ურტყათ, -“ წერს ის.

გუშინ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეჩერებაზე. მოთხოვნა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მოამზადა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ისინი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

PHR-ის ცნობით, ოჯახს სახლის დაცლის ვადა 20 დეკემბრამდე მისცეს. დილიდან აფრიკის დასახლებაში, გიგის სახლთან, აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომ სახლის დასანგრევად მისულ ტექნიკისთის ხელი შეეშალათ. ჯერჯერობით აფრიკის დასახლებებაში ჩანგელიების სახლთან ტექნიკა არ გამოჩენილა.

გიგის და მისი ოჯახის შესახებ

ოჯახში ცხოვრობს 8 წლის გიგი და მისი ორი დედმამიშვილი. მათ ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია. იურისტის ანა აბაშიძის თქმით, ისინი დევნილები არიან და აქვთ პატარა სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში გარეთ, ყინვაში დარჩებიან.

„იციან და გამოკვლეულია, რომ სხვა არანაირი ფართი არ გვაქვს. ნგრევად ობიექტში ვცხოვრობდით, იქედან ყველა გამოიყვანეს და მისცეს საცხოვრებელი ფართი, დავრჩით ჩვენ. ქირას ვერ ვიხდით ამიტომ ვერ გადავდიოდით იქედან, ამიტომ ავიშენეთ აქ სახლი. არანაირი სხვა საშუალება არ გვაქვს, არც სხვა ფართი, ის კი არა ქირას ვერ ვიხდით. ძალიან შეზღუდულად ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი აკლია ბავშვს, “- თქვა დღეს ტელეკომპანია „პირველთან“ გიგი ჩანგელიას დედამ.