„დეზერტირების ბაზრის" მოვაჭრეები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ცნობის გაცემას მოითხოვენ

მინდია გაბაძე

რამდენიმე დღის წინ „დეზერტირების ბაზრის“ მოვაჭრეებმა პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობასთან ერთად აქცია გამართეს და ბაზრის ადმინისტრაციისგან მოვაჭრეობის ცნობა მოითხოვეს. ბაზარში დასაქმებულ მოვაჭრეებს, როგორც თვითდასაქმებულებს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება ეკუთვნით, რომლის მისაღებადაც ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გაცემული მოვაჭრეობის ცნობაა საჭირო.

პროფესიული კავშირების ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტმა, გიგა ბექაურმა „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დეზერტირების ბაზრის თანამშრომლებს პრობლემა იმ ცნობის მიღებასთან დაკავშირებით აქვთ, რომელიც მათ სჭირდებათ ამ კომპენსაციის მისაღებად.

„ცნობა გულისხმობს იმას, რომ უნდა დაადასტუროს ადმინისტრაციამ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ვაჭრობდნენ კორონაკრიზისის დაწყებამდე მათ ტერიტორიაზე და ნამდვილად შეუჩერდათ სამუშაოები.  აი, ამ ცნობების მიღება იყო პრობლემა დეზერტირების ბაზრობაზე“, – აღნიშნა გიგა ბექაურმა.

ბექაურის განცხადებით, მოვაჭრეებმა პროფკავშირებს დახმარება სთხოვეს, რომ მათ რამენაირად კომპენსაცია მიეღოთ. გიგა ბექაურის თქმით, დეტალების გარკვევისას აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციისთვის ცნობის გაცემა, რაღაც გაურკვეველი დასაბუთებების გამო, პრობლემა იყო.

„ამბობდნენ, რომ სამართლებრივად უნდა გავიაროთო. ჩვენ – პროფკავშირებმა შევძელით 123 ადამიანის იდენტიფიცირება, რომელთაც დადგენილების შესაბამისად, ეკუთვნოდათ ეს ცნობა. შემდეგ მოგვიწია დამსაქმებელთან კომუნიკაცია. საბოლოოდ ვერ ავუხსენით, რაც გვინდოდა, ამიტომ გავმართეთ გუშინწინ აქცია და უკვე გუშინ, აქციაზე [დამსაქმებელს] გადავეცით ეს 123-კაციანი სია ოფიციალურად”, – აღნიშნა პროფკავშირების აქტივისტმა.

გიგა ბექაურის ინფორმაციით, როგორც ბაზრის ადმინისტრაციამ პროფკავშირებს აცნობა, ისინი ორშაბათიდან უკვე დაიწყებენ ამ ცნობის გაცემას.

დეტალების გასარკვევად „პუბლიკა“ დეზერტირების ბაზრის დირექტორის მოადგილეს, მალხაზ აბულაძეს დაუკავშირდა, შეკითხვით – როდის გასცემს ადმინისტრაცია ცნობებს მოვაჭრებისთვის. მას ჩვენს შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ ჰქონდა და განაცხადა, რომ „ამ საკითხზე იურისტებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და ყველაფერი დასრულდება ვადებში“.

როგორც გიგა ბექაური აცხადებს, ცნობის მიღების პრობლემა აქვთ სხვა ბაზარში მომუშავე მოვაჭრეებსაც, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.