დღეიდან, 31 მაისიდან ძალაში შედის „ქართული ოცნების“ FARA.
კანონი, რომელზეც „ოცნების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ამერიკაში დღეს მოქმედის ანალოგია, მიზანში სამოქალაქო და მედიაორგანიზაციებს იღებს.
კანონი შეეხება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონი ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტების რეგისტრაციას და დოკუმენტაციების წარდგენას. კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ეკისრება ანტიკორუფციულ ბიუროს.
წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
ნებისმიერი პირი, რომელიც განზრახ დაარღვევს კანონის რომელიმე პუნქტს, წარსადგენ დოკუმენტაცაში განზრახ ჩაწერს არასწორ ინფორმაციას, გამოტოვებს ფაქტს, დაისჯება ჯარიმით 10 000 ლარამდე ან პატიმრობით არაუმეტეს 5 წლისა.
სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვალისწინებს 5000 ლარამდე ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას. იურიდიული პირი მხოლოდ ჯარიმით დაისჯება.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, აცხადებენ, რომ აშშ-ში მოქმედი FARA დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სტუდია მონიტორმა“ და „საქართველოს ამბებმა“, ასევე, მათმა ხელმძღვანელებმა, 2025 წლის 15 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება.
საიას პოზიციით, ე.წ. FARA „არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაცია და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით“.
ODHIR-მა განაცხადა, რომ ეს კანონი შეშფოთებას აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენის შესახებ.
„FARA-ს ქართული ანალოგის“ გარდა „ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც დონორებს გრანტების გასაცემად მთავრობის თანხმობა სჭირდებათ, მთავრობის თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება კი აკრძალულია და გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას გრანტის ორმაგი ოდენობით.