დღეიდან „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ განაცხადების მიღება დაიწყო

პუბლიკა

დღეს, 23 აპრილს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

უკვე დღეიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია როგორც მასწავლებელთა ნომინირება, ასევე აპლიკაციების წარდგენაც.

კონკურსი წელს მეცხრედ ტარედება და მიზნად ისახავს განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენას და მათ დაფასებას.

„წელს, უკვე მეცხრედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და განსაკუთრებული სიამაყით ვუყურებთ იმ გზას, რომელიც ამ წლების განმავლობაში გავიარეთ. მოხარულები ვართ, რომ ეროვნულმა ჯილდომ შეძლო ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის და რამდენად აუცილებელია მათი დაფასება და მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში არაერთი გამორჩეული პედაგოგი გავაცანით საზოგადოებას – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ცვლიან ჩვენი შვილების ცხოვრებას.

ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, ჩაერთონ ამ მნიშვნელოვან პროცესში და წარადგინონ თავიანთი რჩეული მასწავლებელი. ეს თითოეულ პედაგოგს დიდ მოტივაციას აძლევს და კიდევ უფრო უძლიერებს რწმენას, რომ მათი შრომა ფასდება. ერთად დავაფასოთ ისინი.“- განაცხადა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამგეობის თავჯდომარემ, ირინა ხანთაძემ.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 23 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

„მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ“ ამ რვა წლის განმავლობაში თითოეული სკოლის, საკლასო ოთახის კარი შეაღო და საყოველთაო სიყვარულით გამოარჩია განსაკუთრებით საინტერესო, წარმატებული საგანმანათლებლო იდეების განმახორციელებელი მასწავლებლები. ეს ჯილდო, პირველ რიგში, მათი ფასდაუდებელი შრომის აღიარებაა, ვინაიდან „პატიოსანი და ყოვლად მაღალ-ზნეობიანი ჯაფა და გამრჯელობა ოსტატისა, მასწავლებელისა, გამზრდელისა, ქალია თუ მამაკაცი, იმოდენად პატივდებული არ არის, რამოდენადაც ღირსია“ (ილია).“ – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

„გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან პროექტის გენერალური სპონსორია. ამ წლების განმავლობაში ფონდმა თითქმის მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა, რათა მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პოპულარული, მისაბაძი და დაფასებული გამხდარიყო. წელს უკვე მეცხრედ, კვლავაც ველით რომ კონკურსში ჩაერთვებიან გამორჩეული მასწავლებლები, რომელთა პედაგოგიური პრაქტიკა საინტერესო და განსაკუთრებულია, ორიენტირებულია მოსწავლეების განათლებაზე, უნარების განვითარებაზე.“ – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.

ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

ინიციატივა წარმოადგენს გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები – EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.