დღეიდან მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა წესდება - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

შსს-ს თქმით, ძალადობის განმეორების რისკის შეფასება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე მოხდება. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

„ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განმარტებით, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე უმაგრდება ელექტრონული სამაჯური, რის შედეგადაც ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.

„ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალური მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112“, – წერია განცხადებაში.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, რომ მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. უწყების განცხადებით, მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.