დღემდე არ მომხდარა ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება - HRC 5-6 ივლისის მოვლენებზე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 2021 წლის 5-6 ივლისს „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ორგანიზაციის ცნობით, ცენტრის წარმოებაშია 16 საქმე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებისადმი განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას შეეხება.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ დროისათვის, 9 პირს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, რაც ორგანიზაციის იურისტებს შესაძლებლობას მისცემს, უახლოეს მომავალში, დეტალურად გაეცნონ საქმეებში არსებულ მასალებს და შეაფასონ საგამოძიებო უწყებების მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რაზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ საქმეებზე სასამართლოების მიერ მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებები.

„სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დღემდე არ მომხდარა ძალადობრივ ქმედებებში ჩართული ყველა პირის იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დაწყებულა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სისხლისსამართლებრივი დევნა.

გასული წლების მსგავსად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება მუდმივად თავს იკავებს  რადიკალური ჯგუფების ორგანიზატორთა მიერ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან. მეტიც, ხშირად ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნებისა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების რიტორიკა იდენტურია, რაც ხელს უწყობს ძალადობის პროვოცირებასა და საზოგადოებაში პოლარიზაციის გაზრდას“,- ნათქვამია განცახდებაში.