დღეს არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნაზე - ღიბრაძე

პუბლიკა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ მთავრობას კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია.

„საქართველოში დაფიქსირდა ომიკრონის შტამი და მიმდინარეობს რამდენიმე შემთხვევის კვლევა და პოტენციალი იმისა, რომ ჩვენთან ეს შტამი გავრცელდეს, მაღალია. კლუბებთან მიმართებით ლიბერალიზაცია არ არის, არ მიგვიღია გადაწყვეტილება კლუბების გახსნაზე. ტენდენციაც რომ ნახოთ მთელ მსოფლიოში, სადაც დაშვებული იყო საქმიანობა, იქაც შეიზღუდა.

რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებას, ცხადია, ამ ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას არ მოუხდენია რეაგირება“, – განაცხადა მან.

დამაზუსტებელ შეკითხვებზე, დაჯარიმდნენ თუ არა კლუბები, ღიბრაძე ამბობს, რომ ინსპექციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„საქართველოში არის კანონი, რომლის წინაშეც ყველა ვართ თანასწორი. კანონი ამბობს, რომ აკრძალულია აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება. მაინც ჩაატარებენ – ეს ლოგიკა არ მესმის“, – განაცხადა ღიბრაძემ.