შევთხანხმდით, რომ ღამის კლუბების შესაძლო გახსნის პროცედურებს განვიხილავთ - ინსპექცია

პუბლიკა

შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებით, საკლუბო სექტორის წარმომადგენლებს კვლავ შეხვდნენ და იმსჯელეს სექტორის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებულ გზებზე. უწყების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ღამის კლუბების გახსნის საკითხი უსაფრთხოების პროტოკოლისა და ეპიდსიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით განიხილება. საბოლოოდ კი, განხილვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„შევთანხმდით, რომ მოხდება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროტოკოლის და შესაძლო გახსნის პროცედურების, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზისა და შეფასებასთან ერთობლიობაში განხილვა, რომლის საფუძველზეც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.“, – აცხადებს შრომის ინსპექციის სამსახური.

უწყების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, „ომიკრონ“ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.

შრომის ინსპექციის განცხადებით, ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობის მიზნით, ინსპექციის სამსახურის, თბილისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლობის ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების დასადგენად, რომელთა დაცვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.