ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.
რამდენიმე დღეა, მაღაროში დასაქმებულები გამაფრთხილებელი აქციით ქალაქში გამოდიან. დღეს, 4 მარტს, 13:00-ზე კი დიდი შეკრებაა დაანონსებული.
ოქტომბერში გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, 4 თვეში კრიზისის დაძლევის გეგმა უნდა შემუშავებულიყო.
შეჩერების პირობებში კომპანიამ თანამშრომლებისთვის ხელფასის 60%-ის ანაზღაურების პირობა დადო, თუმცა მაღაროელები აცხადებენ, რომ გასული თვეების განმავლობაში ანაზღაურება გვიანდებოდა, თებერვლის ხელფასი კი ჯერაც არ აუღიათ.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ მადნის მოპოვება არ შეუწყვეტია – კომპანია მანგანუმს ღია კარიერული წესით მოიპოვებს და ქალაქიდან გააქვს.
„ხალხთან ერთად წინააღმდეგობაში შევედით კომპანიასთან. იმ წინააღმდეგობაში, რომელიც ამ 4 თვის განმავლობაში კომპანიამ ნელ-ნელა, თავისი ხელფასის დაგვიანებით, არაადამიანური პირობებით და კიდევ ბევრი მიზეზით შექმნა ხალხში. დღეს დიდი მუხტია ჭიათურაში. სამწუხაროდ, ამ 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი მადნის გატანა მოასწრეს კოოპერატორების შრომით, ხელით. ძალიან ბევრი მადანი გაიტანეს ზესტაფონში, ამიტომ ჩვენი ბრძოლა ვერ არის იმდენად ეფექტური, რადგან მარაგი გადავსებული აქვს ზესტაფონს. ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშაობა, ფაქტობრივად, განახლდა… 1 მარტს შევიდა სრული დატვირთვით მუშა პროცესში.
ამ დროს ჭიათურაში არაფერი არ ისმის. ადამიანიც არ არსებობს, ვისაც შეიძლება, კითხვა დაუსვა. ერთადერთი, რა კონტაქტიც მოხდა ჩვენს შორის ცალმხრივად, 28 თებერვალს გამოგვიგზავნეს ნახევრად ბოდიშის მსგავსი სმს და გვითხრეს, რომ მოიძიებდნენ თანხებს და ჩაგვერიცხებოდა 60%.
ამ დროს არაერთი გადაწეული ბანკის დავალიანებები აქვს ხალხს. კიდევ გადასცდა ყველანაირ დროს და ემატება პროცენტი. ისეთი პროცენტული მატება მოხდა სესხზე, 1000 ლარი თუ ჰქონდა შესატანი, 1200 ლარი გახდა. ახლა სრული ხელფასიც რომ ავიღოთ, ბანკის ვალის ოდენობა ასწრებს ხელფასის ოდენობას. ეს მიუღებელია. კომპანია ხელოვნურად გვიქმნის იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ. მთელი ჭიათურა ჩააბარა სახელმწიფომ კომპანიას. არანაირი ღონისძიება არ გაუტარებიათ, იმის მიუხედავად, რომ არაერთხელ ვცადეთ დიალოგი. გვინდა, დავუსვათ ამ ადამიანებს [ხელისუფლებას] კითხვა, ხელი რომ მოუწერეს კომპანიას [საწარმოო პროცესის] შეჩერებაზე, რას უპირებენ ჭიათურას, რა გეგმები აქვთ ზოგადად… პასუხი არ მოსულა ამ დრომდე. უკვე მივედით ქუჩამდე“, – აცხადებს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე „ხმის“ პოდკასტში აკაკი ჩიქობავასთან.
მაღაროელების გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მათი მოთხოვნებია:
- შეხვედრა მთავრობასთან
- გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა საწარმოს მუშაობაზე
- მადნის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის.
- ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას.
- დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ზარალის დათვლისა და შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას მოსახლეობის ინტერესები, ხოლო მიყენებული ზიანი სამართლიანად ანაზღაურდეს.
- ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება. მოპოვება უნდა განხორციელდეს ყველა აპრობირებული წესისა და სტანდარტის დაცვით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
2 მარტს „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეისბუქზე გამოქვეყნდა სამთავრობო არხის, „რუსთავი 2-ის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ კომპანიას ფინანსური კრიზისი აქვს.
სამთავრობო მედიის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით, კრიზისი უკავშირდება როგორც გარე ფაქტორებს, ასევე ჭიათურაში გაჩერებულ მაღაროებს და დასაქმებულთათვის ხელფასების გადახდას.
კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ „პარალიზებული მაღაროების მიუხედავად ბოლო ერთ წელში კომპანიამ ხელფასის სახით 82.6 მილიონი ლარი გასცა“ და ახლაც ცდილობს ხელფასის 60%-ის გაცემის შენარჩუნებას.
კომპანიის მენეჯმენტი „ჩიხური სიტუაციის შექმნას“ მაღაროების პიკეტირებას უკავშირებს.