დღეს დილიდან ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის დაბომბვა განაახლა

პუბლიკა

ისრაელი-ღაზის კონფლიქტში შედარებით მშვიდი ღამის შემდეგ დღეს დილიდან დაპირისპირება განახლდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების – „ცაჰალის“ ინფორმაციით, 6-საათიანი სიმშვიდის შემდეგ, დღეს დილიდან პალესტინელთა დაჯგუფებებმა ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები განაახლეს, ისრაელმა კი ღაზის სექტორის დაბომბვა გააგრძელა.

„ცაჰალის“ ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან 90-მდე რაკეტა ისროლეს, მაგრამ 20-მდე მათგანი ისევ იმავე სექტორში ჩამოვარდა. ისრაელმა კი ღაზის სექტორში არაერთი სამხედრო ობიექტი გაანადგურა, მათ შორის ის 10 ობიექტი, საიდანაც თელ-ავივის დაბომბვა იგეგმებოდა.

წუხელვე რამდენიმე რაკეტა ისროლეს ლიბანიდანაც, რომლებმაც ისრაელში მდებარე ობიექტებამდე ვერ მიაღწიეს. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტები ლიბანის სამხრეთიდან, სავარაუდოდ, „ჰეზბოლაჰის“ ან პალესტინელთა ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებმა ისროლეს, ისრაელის არტილერიამ კი საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ასევე, „ცაჰალის“ ინფორმაციით, დღეს დილით მათ უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ისრაელ-იორდანიის საზღვარზე. თუმცა, უცნობია, ვინ და საიდან მართავდა მას. ისრაელში საფრენი აპარატის წარმომავლობას იკვლევენ.

პალესტინელები კი აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ მსხვერპლი გაიზარდა. ამ დროისთვის უკვე 212 ადამიანი დაღუპული. ასევე ისრაელის ავიაციამ გაანადგურა 100-ზე მეტი შენობა ღაზის სექტორში.