დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა

პუბლიკა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 4 წელი გავიდა. აფხაზეთიდან დევნილი ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ, ხურჩაში, გამყოფ ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა და მიიმალა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საქართველოსთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და მკვლელობაში მსჯავრდებულის დასჯას მოლაპარაკების ყველა ფორმატში მოითხოვს.

„მისი შემზარავი მკვლელობა და ის ფაქტი, რომ მისი მკვლელი დღემდე დაუსჯელია, არის ოკუპაციის რეალური სახე, იმ სისასტიკისა და უსამართლობის, რამაც დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და მანამდე უამრავი ჩვენი რჩეული ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ არ ვაპირებთ, მოვდუნდეთ და შევეგუოთ იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩეს. ეს არის და იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღის წესრიგში, მოლაპარაკებების ყველა ფორმატში, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ.

რთულია, რამით ანუგეშო მისი ოჯახის წევრები, დედა ქალბატონი ჯულიეტა, მისი მეუღლე ნინო და ძალიან ნიჭიერი და საყვარელი პატარები, ქეთი და აკაკი. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო თანაგრძნობა მათ მიმართ. მათ იციან, რომ გიგა არის გმირი და მქონდა პატივი, მისი ოჯახისათვის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გადამეცა მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის. იმისთვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს, აღარ დაობლდეს არც ერთი ოჯახი და მივაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც გიგა და არაერთი გმირი შეეწირა, აუცილებლად გავაგრძელებთ ძალისხმევას ოკუპაციის დასრულებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის“, – თქვა ციხელაშვილმა.

რაშიდ კანჯი ოღლიმ გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ თვითმხილველები და დაფიქსირებულია მიმდებარე მაღაზიის კამერიდან. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურამაც, თუმცა კანჯი ოღლი არ დაუკავებიათ.