„რიონის ხეობის მცველებმა“ მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან ფილარმონიისკენ გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. აქტივისტები ფილარმონიის შენობასთან სიტყვით გამოდიან.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა, მაკა სულაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აღარ მიიღო მონაწილეობა მსვლელობაში ჯვრით, რომელსაც მთელი ეს პერიოდი ატარებდა.
ის ამბობს, რომ ამით არ უნდა შეუქმნას უხერხულობა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რომლებიც მათ გვერდით დგანან და მონაწილეობას იღებენ პროტესტში.
„მე დღეს იმ ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყოველთვის ასე დარჩება. ის არა მარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და სულკურთხეული დედის სიმბოლოა. მაგრამ თუკი მე გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა.
ამიტომ გადავწყვიტე. თბილისი მრავალეროვანი ქალაქია. დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვის ისეთივე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩვენთვის. მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მათ უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განსხვავებული ნიშანი ატაროს და ამით წარმოაჩინოს თავი. ძალიან გთხოვთ ყველას, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ვისწავლოთ ერთმანეთის შეგუება, ერთმანეთის სიყვარული და ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ.
გადავხედოთ ერთმანეთს და ნუ გამოვიკითხავთ, ვინ რომელი პარტიის წევრია, ვინ რომელი რელიგიის წარმომადგენელია და ვინ რას ფიქრობს, უბრალოდ ერთმანეთში დაინახეთ ადამიანი“, – მიმართა მან საპროტესტო აქციაში მონაწილე ადამიანებს.
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია დღეს თბილისში 4 საათზე განახლდა და მსვლელობა მოეწყო ფილარმონიის შენობისკენ. აქტივისტების თქმით, აქცია ხვალაც გაიმართება, რის შემდეგადაც ისინი რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და იქ გააგრძელებენ პროტესტს.
„მთის ამბებმა” მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ამ დრომდე გასაჯაროებული არ იყო. დოკუმენტი წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებას.
დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.
შეფასებაში კრიტიკულადაა განხილული მთელი რიგი პუნქტები და შეიცავს 22 შენიშვნას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს, მაშინ, როცა, ამის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულებით მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“.