„დღეს ხმაურიც კი აგვიკრძალეს" - გოლეთიანი პოლიციის მოთხოვნაზე

პუბლიკა

პოლიციამ გამთენიისას გუმათჰესთან, ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე რკინის ღობე აღმართა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დილიდან პროტესტის ნიშნად რკინის კონსტრუქციაზე აბრახუნებენ და კვლავ მოითხოვენ, პოლიციამ ნამოხვანში გადაადგილების უფლება მისცეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი გზით ცდილობენ, ჩაახშონ ჩვენი სამართლიანი პროტესტი, დღეს ხმაურიც კი აგვიკრძალეს. ამ ჯებირზე ხელებს აბრახუნებენ ჩვენი თანამებრძოლები. მათ [პოლიციამ] თქვეს, რომ თუ ეს არ შეწყდება, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას. ყველანაირი კონსტიტუციური უფლება გამოხატვის, გვაქვს აკრძალული და შეზღუდული. გაცხადებული პოზიცია აქვს ხელისუფლებას, რომ რეპრესიული გზებით უნდა ჩაახშოს ჩვენი სამართლიანი პროტესტი და ამისთვის ყველანაირ ფორმას მიმართავს. მათ შორის იმას, რომ დათგრუნოს ადამიანები ფსიქოლოგიურად, რომ უბრალო გამოხატვაც კი, ჯებირზე ხელის ბრახუნი აუკრძალოს”, – აღნიშნავს აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.

რამდენიმე წუთის წინ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რკინის ჯებირებზე ბრახუნი არის აგრესია. პოლიციის უფროსის თქმით, თუ ისინი ჯებირზე ბრახუნს არ შეწყვეტენ, გამოიყენებენ პროპორციულ ძალას.


11 აპრილიდან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები გუმათჰესთან არიან შეკრებილები. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციამ მათ სოფელ ნამოხვანში გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციამ, დღეს, 14 აპრილს ადგილზე რკინის ღობეც აღმართა და პროტესტის მონაწილეებს ხეობაში არ უშვებს. მათი თქმით, „უსაფრთხოების მიზნით“, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.