დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით, როცა მუშაობას განაახლებს პარლამენტი – დიღმელაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის პიკეტი დღეს დასრულებულია. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების თქმით, პიკეტი მომდევნო დღეებში საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად გაგრძელდება და ეცდებიან, დეპუტატებს კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი შეუქმნან.

„პროტესტის ეს ფორმა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი, გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს საწადელს. სანამ არ მივაღწევთ იმას, რაც კი არ გვაჩუქეს, ამაში სისხლით გადაიხადა ხალხმა, თვალის ჩინით გადაიხადა ხალხმა.

დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით, როცა იმუშავებს პარლამენტი – სირცხვილის კორიდორებით, „მონების“ შეძახილებით, გამოვიყენებთ ყველა მშვიდობიან, არაძალადობრივი გზას“, – განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, მასშტაბური აქცია დაგეგმილია სასესიო კვირის გახსნისთანავე, სავარაუდოდ, 9 დეკემბრიდან.

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით აქვთ ჩახერგილი, ამას გარდა, ქუჩებს პოლიციის გაძლიერებული კორდონები იცავს.