დღეს ქვეყანაში არსებობს საჭირო მარაგი - პრემიერი სამედიცინო აღჭურვილობის მარაგზე

პუბლიკა

დღეის მდგომარეობით ქვეყანაში აუცილებელი საჭირო მარაგი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით,  აღნიშნული საკითხი ჩაბარებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილს. დღეს არსებობს შესაბამისი საჭირო მარაგი და ეს მარაგი მუდმივად ივსება.

„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დონეზე ჩვენ გამოვყავით რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის მიმართულება, რაზეც ვთქვით, რომ ეს ის სისტემური მიმართულებებია, რომლის სწორად მართვის პირობებში COVID-19-ს გავუმკლავდებოდით და ვთქვით, რომ ეს იყო პირველ რიგში, ჯანმრთელობა და მეორე – მარაგების მართვა. აქ შედის სწორედ ამ სამედიცინო მარაგის მართვაც. ეს ჩაბარებული აქვს ბატონ ლევან დავითაშვილს და მინდა გითხრათ, რომ სულ უკეთ და უკეთ მიმდინარეობს ეს პროცესი, დღეს არსებობს საჭირო მარაგები და ეს მარაგები მუდმივად ივსება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ .

ექიმების ეკიპირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე „ტვ პირველის” ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ექიმების ეკიპირებისთვის საჭირო საშუალებები ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ერთი ან ორი კვირის სამყოფია და თუ არ გაკეთდა მარაგი, დამცავი საშუალებების კუთხით კრიზისი შეიქმნება.