დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 2- 5 სექტემბრის პერიოდში განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
ცესკოს განცხადებით სულ შემოვიდა 24 425 განაცხადი, საიდანაც 9 111 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 314 კი კომისიის წევრობის კონკურსში.
კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს იხელმძღვანელონ კანონმდებლობის შესაბამისად და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევისას გაითვალისწინონ ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.