პარტია „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ „იმედის“ ეთერში ისაუბრა პარტიიდან წამოსვლის მიზეზებსა და შეხედულებებზე. ის ამბობს, რომ „საქართველოს ათამაშებს ევროპაც და ათამაშებს რუსეთიც”.
„საქართველო დიდ გლობალურ ველსა და გაცხელებულ გლობალურ პოლიტიკურ ასპარეზზე მოწყვლადია – დიდი ქვეყნები თავისი რესურსით არიან ჩართულები, მაგრამ საქართველოს, მით უმეტეს, მაკრონიც ახსენებს, რომ გეოგრაფია გვაქვს გამორჩეული და რეგიონული პრობლემები და აქცენტები აქ უფრო სხვაა, რისკებიც უფრო გამორჩეულია.
ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომ მას ათამაშებს ევროპაც, ღია კარის მუდმივი შეთავაზებით და ათამაშებს რუსეთიც, ოკუპირებული ტერიტორიებით და იარაღის ჟღარუნით.
მაგალითად, როდესაც მაკრონი ამბობს, რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის წინაშე გვაქვს ვალი და გულისხმობს ომს, ეს ვალი საქართველოს უკვე დიდი ხანია გადახდილი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულებაა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარტიიდან წამოსვლის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ „ოცნებასთან“, ლიდერებთან და სხვა წევრებთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ აქვს. მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა თემაში თანხმდებიან, გარდა ერთისა – რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია. მისი თქმით, სწორედ საზოგადოებასთან იქნებიან ყველაზე ახლოს.