დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება

პუბლიკა

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.

ახალი საარჩევნო სისტემის შესაბამისად, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, აირჩევენ საქართველოს პარლამენტის 150 წევრს, მათ შორის 30 წევრს ‒ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით და 120 წევრს ‒ პროპორციული საარჩევნო სისტემით.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შეადგენს 3 511 853-ს. მონაცემები 26 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა. ამ რიცხვს ემატება საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170 ამომრჩეველი და ჯამში – 3 526 023.

საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში პარტიული სია წარადგინა 51-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათგან დამოუკიდებლად მონაწილეობს 49 პარტია, საარჩევნო ბლოკი კი – 2. პარტიული სიით წარდგენილია 6 882 კანდიდატი, მათ შორის 3 049 ქალი და 3 833 კაცი.

გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში  სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.