დღეს საუდის არაბეთში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან – შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკი არ ესწრება, თუმცა მან აღნიშნა, რომ განხილვის საერთო მიზანი მშვიდობაა.
CNN-ს წყარო ეუბნება, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები რუსეთის წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში შეხვდებიან, თუმცა ამ შეხვედრის
შესახებ საჯაროდ არ არის ცნობილი.
დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები არიან, ხოლო ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი, ასევე, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი წარმოადგენენ.
სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს სურს მეტი დეტალი მოისმინოს კიევის პოზიციასთან დაკავშირებით, ამასთან, იმაზე, რა დათმობებზე წასვლა შეუძლია უკრაინას შეთანხმების ფარგლებში. ის აღნიშნავს, რომ ამერიკა „მოსმენის ხასიათზეა” და გაგრძელდება დიალოგი ბუნებრივი წიაღისეულის შეთანხმების მიღწევის მიზნითაც.