დღეს სებ-მა სავალუტო აუქციონზე კიდევ $37 მლნ გაყიდა, $1-ის ფასი 2.68 ლარია

პუბლიკა

ეროვნულმა ბანკმა დღეს, 21 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა.

აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.

გუშინ, 20 სექტემბერს სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

2023 წელს ეს მესამე აუქციონია, როდესაც ცენტრალურმა ბანკმა თანხა გასაყიდად გამოიტანა, აქედან 2 – ბოლო 2 დღეში ჩაატარა.

20 სექტემბერს ეროვნული ბანკი 3-მა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა. მიზეზი ოთარ ფარცხალაძეა.

14 სექტემბერს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნითაც. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესება კონსტიტუციას არღვევდა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას საბანკო სერვისებზე წვდომა აღუდგება.