დღეს სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება

პუბლიკა

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებია.

ცესკოს ცნობით, სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ.

ცესკოში ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

„არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია სამივე საარჩევნო უბანი. საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ შესაბამისი გადამზადება.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2 307-ს შეადგენს.

შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.

არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყო.

შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც“, – ამბობენ ცესკოში.


ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმებულიყო და დანიშნულიყო საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

„არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ”, – ამბობენ ორგანიზაციაში.