ISFED: სენაკში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ სენაკის სენაკის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

ISFED მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება აცდენილია სენაკის საკრებულოს ირგვლივ არსებულ გამოწვევებს და არ არის მიმართული იქ არსებული სისტემური კრიზისის მოგვარებისკენ.

მათი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სენაკის საკრებულოში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ, ხოლო პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სწრაფად უნდა დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები.

„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს:

  • საქართველოს მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და ასევე მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების თაობაზე;
  • საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელოს და დანიშნოს სენაკის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები;
  • ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლების ცვლილების გამო, რაც აზრს უკარგავს ოქტომბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაუქმების შესახებ.

ორგანიზაციის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.