„დღეს შრომის კოდექსი მხოლოდ ფურცელზეა“ – რა ვალდებულებები აქვს საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით

პუბლიკა

დღეს, 13 ივლისს ჯანდაცვის კომიტეტი შრომის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გაგრძელებას გეგმავს.

გასულ კვირას კი ჯანმრთელობის დაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა კოტე ერისთავმა – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა.

ერისთავის განმარტებით, ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის შეიმუშავეს 2017-2020 წლების დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს მოკლე- და საშუალოვადიან პრიორიტეტებს. მოკლევადიანი პრიორიტეტები მიღწეული უნდა ყოფილიყო 2018 წლის ბოლომდე, ხოლო საშუალოვადიანი 2020 წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს. ერისთავის თქმით, EMC-იმ შეაფასა აღნიშნული პრიორიტეტების შესრულება შრომის პოლიტიკის ნაწილში.

მან კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმზე, შრომის ინსპექციაზე, ასევე – შრომით მედიაციაზე, სოციალური დიალოგის ხელშეწყობასა და თანასწორი მოპყრობის საკითხებზე.

„პირველი, დავიწყებ მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიორიტეტებით, რომელიც ეხება შრომის ინსპექციას. მოკლევადიანი პრიორიტეტი იყო ეფექტური შრომის ინსპექციისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა სამუშაო ადგილზე, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. ეს პრიორიტეტი, ნაწილობრივ,  განხორციელდა – შეიქმნა ინსპექცია სანქცირების უფლებით, რომელსაც აქვს მანდატი – დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი თანხმობის გარეშე, შეამოწმოს სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და ეს მისასალმებელია ნამდვილად“, – აღნიშნა კოტე ერისთავმა.

თუმცა, მისივე თქმით, არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით და, ასევე, ანგარიშის  მომზადების მომენტისთვის ინსპექტორთა რაოდენობა არ ყოფილა ადეკვატური საერთაშორისო სტანდარტებთან. პრობლემად რჩება ინსპექტორთა რეგიონული წარმომადგენლობაც.

„ასევე, საკვანძო საკითხია ინსპექციის სტრუქტურული დამოუკიდებლობა და რაც მთავარია – ინსპექციის მანდატი. ამ ბოლო ორ საკითხს ითვალისწინებს ინიცირებული კანონპროექტი, რომლის პირველი მოსმენით განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში არ დასრულებულა და მიზეზი, რატომაც იწელება კანონპროექტის განხილვა, არის სწორედ ის, რომ პარლამენტი, როგორც ჩანს, არ არის მზად, ინსპექციის მანდატის გაზრდას დაუჭიროს მხარი – ანუ შეასრულოს ის ვალდებულება, რაც ეკისრება ასოცირების ხელშეკრულებითა და დღის წესრიგით“, – აცხადებს ერისთავი.

როგორც ის აღნიშნავს, მოკლევადიან პრიორიტეტში, რომელიც 2018 წლის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო, იგულისხმება შრომის ინსპექციის, როგორც შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ინსტიტუციის შექმნა და გაძლიერება, თუმცა შრომის ინსპექციის ისეთ ვიწრო გაგებას, როგორსაც საქართველოს კანონმდებლობა იცნობს, არ იცნობს არც საერთაშორისო პრაქტიკა და არც საერთშორისო სტანდარტები.

„შრომის უსაფრთხოებაში ჩვენი კანონმდებლობა არ გულისხმობს სამუშაო დროს, ღამით მუშაობას და სხვა უფლებრივ კატეგორიებს, რომლებიც გავლენას ახდენს დასაქმებულის მხრიდან  უსაფრთხოების წესების დაცვაზე, იგივე საფრთხის მიმართ სიფზიხლეზე  და ა.შ.

ერთი სიტყვით, შრომის უსაფრთხოების ძალიან ღარიბი და  საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო დეფინიცია გვაქვს კანონმდებლობაში, რაც საბოლოო ჯამში ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სრულყოფილ დაცვას სამუშაო ადგილებზე. ამიტომ მივიჩნევთ, რომ ეს პრიორიტეტი ამ კუთხით, ანუ ინსპექციის მანდატის შრომის უფლებებზე გავრცელების მხრივ,  არ იქნა შესრულებული და ვადა იქნა გაშვებული“, – ამბობს ერისთავი.

რაც შეეხება საშუალოვადიან პრიორიტეტს, ერისთავი ამბობს, რომ 2020 წლის ბოლომდე ინსპექციას უნდა მიენიჭოს სრულყოფილი მანდატი, რომელიც უნდა გავრცელდეს შრომითი პირობების ყველა ასპექტზე – ანაზღაურება იქნება ეს, სამუშაო დროის რეგულირება, შვებულების უფლება, დისკრიმინაციის აღკვეთა და სხვა. და ეს უნდა მოხდეს სწორედ დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი თანხმობის გარეშე სამუშაო ადგილზე შესვლით, ინსპექციისთვის ამგვარი უფრებამოსილების მინიჭებით.

„შრომის ინსპექციის მსგავსი ინსტრუმენტის გარეშე, შრომის კოდექსი ძალიან ბევრ სამუშაო ადგილზე რჩება დიდწილად, მხოლოდ ფურცელზე. ამიტომ, ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები, დაინტერესებული პირები, დასაქმებულები დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტი მიიღებს ამ კანონს ამ სესიაზე და არც ევროკავშირთან დადებულ პირობას დაარღვევს და არც ასობით ათას დასაქმებულს უღალატებს, რომელიც ღირსეული შრომისთვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას ელოდება“, – ამბობს კოტე ერისთავი.

მან კითხვებზე პასუხის ეტაპზე ყურადღება გაამახვილა პარლამენტში ინიცირებულ შრომის რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივაზე.

მისი თქმით, პროექტში გათვალისწინებულია ის ბაზისური, მინიმალური საკითხები, რაც, ამ მხრივ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს და ეს კანონპროექტები მიგვაახლოებს ბალანსთან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, თუმცა, მისივე თქმით, კანონპროექტში, ასევე, უამრავი საკითხი არ არის გათვალისწინებული.

„ამოვიღეთ [საკითხები] სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, არ იყო მზადყოფნა პარლამენტისგან, რომ ეს საკითხები ჩაწერილიყო კანონპროექტში. როგორც ჩანს, ბიზნესლობი არის ძალიან ძლიერი ამ ქვეყანაში და სწორედ მათი აქტიურობით მოხდა ისე, რომ ძალიან მინიმალურ, ბაზისურ გარანტიებამდე დავიდა ეს კანონპროექტი. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ ბალანსზე, ერთი, რომ ბალანსი აბოსოლუტურად არ არსებობს სამუშაო ადგილზე, ფაქტობრივად, შრომის კოდექსი არის ფურცელზე იმიტომ, რომ აღსრულების მექანიზმი არ გვაქვს და ამიტომ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა მინდობილი დასაქმებული დღეს – ეს ერთი და არ არსებობს ბალანსი, მათ შორის, პოლიტიკურ ველზე, არ არის ძლიერი ორგანიზებული მშრომელთა გაერთიანებები, არ არის ძლიერი პროფკავშირი, არ არის ძლიერი სოციალური მოძრაობები, არ არის მშრომელთა ინტერესების გამომხატველი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია და მეორეს მხრივ, არის უზარმაზარი, მძლავრი ბიზნესლობი, რომელიც ორი მიმართულებით აკრიტიკებს ამ კანონპროქტს“, – განაცხადა ერისთავმა.

მისი თქმით, ერთი არის ინსპექციის მანდატის გაზრდა: „ანუ რეალურად რას აკრიტიკებენ და რას არ ეთანხმებიან, რომ შრომის კოდექსი აღსრულდეს, ხომ?! ეს არის აქ მინიმალური მოთხოვნა. ამაზე მინიმალური მოთხოვნა რა შეიძლება იყოს, რომ აღსრულდეს მექანიზმი, რომელიც აღასრულებს შრომის კოდექსს, იქნეს შექმნილი“.

მეორე საკითხი ეს არის ზეგანაკვეთური შრომის მაღალი ტარიფით ანაზღაურება, რომელიც გათვალისწინებულია კანონპროექტით და „რაც ისედაც ევალება დღეს დამსაქმებელს, რომ ზეგანაკვეთურის სამუშაო დრო აანაზღაუროს გაზრდილი ოდენობით. მაგრამ ეს ხდება ნომინალურად, იმიტომ არ არის განსაზღვრული, რამდენი უნდა იყოს ეს ანაზღაურება და ხდება 100 ლარზე 1 თეთრის დამატება. სასამართლო პრაქტიკით დადგენილია 125%-დან 150%-მდე ზეგანაკვეთურის ანაზღაურება, ანუ სასამართლოში რომ წავიდეს დასაქმებული, აინაზღაურებს 125%-დან 150%-ით ზეგანაკვეთურს და ამ კანონპროექტში იწერება სასამართლო პრაქტიკიდან გადმოღებული რეგულაცია [125%-იანი ანაზღაურება].

ამასთან დაკავშირებით ამბობს ბიზნესი, რომ სამ ინდუსტრიაში 240 მლნ თუ 250 მლნ დაუჯდება ბიზნესს, თუ იძულებული გახდება, გადაიხადოს ეს ზეგანაკვეთური, რომელიც ევალება. სასამართლოში ვერ მიდის დღეს დასაქმებული ძალიან ბევრი მიზეზის გამო – ხარჯებსა და ვადებთან არის ეს დაკავშირებული და ა.შ. ვერ მიდის და რომ წავიდეს, აინაზღაურებს 250 მლნ-ს, მაგრამ რეალურად აქ სარგებლობს ბიზნესი. არსებობს საერთაშორისო ტერმინი და ცნება – „ხელფასის მოპარვა“. და, რეალურად, გვაქვს საქმე ხელფასის მოპარვასთან. ზუსტი რიცხვი გვითხრა ბიზნესმა სამ სექტორში – ეს არის 240 მლნ და კანონპროექტის ამ ჩანაწერის მიზანი არის, რომ ეს მოპარული ხელფასი, რომელიც მიდის ბიზნესის ჯიბეში, დაბრუნდეს მშრომლის ჯიბეში, რაც მათ ეკუთვნის კანონით. ეკუთვნის სასამართლოს პრაქტიკით, თუმცა ბევრი სოციალური პრობლემის გამო, დასაქმებული დღეს ვერ ახერხებს მივიდეს სასამართლომდე და ამით სარგებლობის უფლება არ უნდა მივცეთ ბიზნესს“, – განაცხადა კოტე ერისთავმა.


დღეს, 13 ივლისს, ჯანდაცვის კომიტეტი შრომის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის გაგრძელებას გეგმავს. საკითხის განხილვა დღეს ჩანიშნული კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შესული.