„შეუთანხმებელი საკითხებია" - ჯანდაცვის კომიტეტზე შრომის რეფორმის განხილვა შეფერხდა

პარლამენტში შრომის რეფორმის საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვა წამყვან – ჯანდაცვის კომიტეტზე შეფერხდა. კანონპროექტის განხილვა აღნიშნულ კომიტეტზე 30 ივნისს დაიწყო, თუმცა იმავე დღეს საკითხი კენჭისყრაზე არ გასულა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, განხილვა მომდევნო დღეს, 1 ივლისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დღემდე განხილვა აღარ გაგრძელებულა და პროექტზე გადაწყვეტილება წამყან კომიტეტს არ მიუღია. ამის გამო კი ინიციატივა პლენარულ სესიაზე ვერ გადის, რიგგარე სესიებიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.

კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ შეუთანხმებელია რიგი საკითხები და პროექტის განხილვის ჩანიშვნა კომიტეტზე ამ მიზეზით არ ხდება.

„რაღაც შეუთანხმებელი საკითხებია და ამიტომ… ველოდებით შეთანხმებას და [რომ] ინიციატორი გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს. პირადად მქონდა საუბარი ავტორთან და ველოდები პასუხს“, – ამბობს ხუნდაძე.

ის „პუბლიკასთან“ არ აკონკრეტებს რას ეხება „შეუთანხმებელი საკითხები“. აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ „ნაწილი ეხება დასაქმებულებს, ნაწილი დამსაქმებლებს“.

შრომის რეფორმის კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი კი ამბობს, ახლა უკვე ჯერი მმართველ გუნდზეა და ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ პოზიციაზე, რა ფორმით და როგორ აპირებენ პროექტის მხარდაჭერას.

„კი, გვქონდა ჩვენ შეხვედრა კომიტეტის მერეც და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე გადაწყვეტილებები არის მისაღები მმართველი გუნდის მიერ – ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ, რა ფორმით და როგორ აპირებენ მხარდაჭერას, იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. მე ველოდები, რომ მმართველი გუნდის შიგნით მოხდება გარკვეული ჩამოყალიბება იმ პოზიციაზე, როგორი ფორმით და რამდენად უნდათ ამ გადაწყვეტილებების მიღება და ამ რეფორმის განხორციელება. ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე კომიტეტის თავმჯდომარესთან, და მე ვფიქრობ, რომ თუ იქნება პოლიტიკური ნება, მოლაპარაკებადია ის გარკვეული ნიუანსები, რომელზეც მათ აქვთ ყურადღება გამახვილებული“, – ამბობს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა მათ შორის შეხვედრა, ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ „არის საკითხები, რომელიც მიაჩნიათ, რომ სამედიცინო პერსონალისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ამ მიმართულებით აქვთ გარკვეული მოსაზრებები“.

როგორც ის ამბობს, შეხვედრაზე არ დამგრადა ის საკითხი, რომელზეც მაგალითად ბიზნესასოციაცია აპელირებს. „არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ (ყოველ შემთხვევაში ჩვენი საუბარისას) შრომის ინსპექციის საკითხი, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება“, – ამბობს ცქიტიშვილი.

„პუბლიკამ“ მას ასევე ჰკითხა შრომის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე, რის მიხედვითაც შრომის რეფორმა და შრომის ინსპექციის მანდატის საკითხი საფრთხეშია.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით, შრომის ინსპექციის მანდატს ემატება შრომის უფლებების მონიტორინგიც. დღეს მოქმედი ნორმებით, შრომის ინსპექცია ამოწმებს მხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შრომის უფლებებზე მანდატის გავრცელების შემთხვევაში კი, შრომის ინსპექცია შეამოწმებს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებს – ეს იქნება დისკრიმინაცია, შევიწროება, შრომითი ხელშეკრულების დარღვევა, სამუშაო საათებისა თუ სხვა.

ცქიტიშვილის თქმით, 3 კომიტეტის დასკვნაში არის ამაზე მითითება, თუმცა ის ამ მოსაზრებების გათვალისწინებას არ აპირებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ შრომის ინსპექციის მანდატის საკითხი არის ამ რეფორმის ფუნდამენტი და მის გარეშე მას აზრი გამოეცლება.

„უკვე დადებულია კომიტეტის დასკვნები, სადაც არის ეს საკითხი წამოწეული, თუმცა, ეს არის მათი შემოთავაზება და მე უფლება მაქვს, რომ გავითვალისწინო ან არ გავითვალისწინო. მე მიმაჩნია, რომ ამის გარეშე ეს რეფორმა აზრს კარგავს, და მე პირადად არ ვაპირებ, რომ რამე ფორმით დავაკნინო შრომის ინსპექციის როლი“, – ამბობს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება ბიზნეს ასოციაციას, დეპუტატი ამბობს, რომ მათი პოზიცია „არის სრულიად არალეგიტიმური“.

„დაახლოებით არის მინიშნება, რომ ჩვენ ვარღვევთ ახლა კანონს და გვაცალეთ დარღვევა, რადგან სხვა შემთხვევაში დაზარალდება ბიზნესიო. ამ ლოგიკას ავითარებენ. შრომის ინსპექცია მხოლოდ იმას შეუშლის ხელს, ვინც კანონს არღვევს. ვინც კანონს არ არღვევს, მისთვის ეს არანაირი ბარიერი არ იქნება და ეს სამუშაო პროცესს ხელს არ შეუშლის. მხოლოდ მას შეუშლის ხელს, ვინც არღვევს. და ბიზნესის ასეთი ჯიუტი პოზიცია, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არღვევენ და ამ დარღვევის აღმოფხვრის მექანიზმი არ უნდათ რომ შეიქმნას ქვეყანაში“, – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად მოესწრება პროექტის განხილვა მიმდინარე რიგგარეშე სესიაზე, ცქიტიშვილი ამბობს, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება, პროექტის განხილვა მოსწრებადია.

„თუ არის პოლიტიკური ნება, ამ კვირაშივე შეიძლება, რომ ეს დასრულდეს [კომიტეტზე განხილვა], იმ კვირაში კი სესიაზე გავა პირველი მოსმენით. შემდეგ დაგვრჩება ორი მოსმენა, რომელიც ასევე მოსწრებადია, რადგან სავარაუდოდ რამდენიმე რიგგარეშე სხდომა კიდევ იქნება. თუ არა, მაშინ ეს ხელოვნური გაწელვა იქნება და რეალურად, ე.ი. არ არის სურვილი და ნება, რომ ეს გაკეთდეს. ეს გამოჩნდება უკვე ამ კვირაში“, – ამბობს ცქიტიშივლი.

როგორც დეპუტატი ამბობს, ის ცდილობს, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ პროცესი იყოს დაძრული და არ გაჩერდეს.

„მე არ ვაპირებ, რომ 1.5 წლის ნამუშევარი წყალში გადავყარო… არ ვიცი რამდენად შევძლებ, რომ ეს მედიაში გამოვიტანო  და მაქსიმალური ყურადღება მივიპყრო, მაგრამ რეალურად ამაზე საუბარი უნდა იყოს. იმიტომ, რომ თუ ავიღეთ საერთაშორისო  ვალდებულებები, თუ ავიღეთ ადამიანების მიმართ ვალდებულებები, დონორების მიმართ ვალდებულებები და არ სრულდება ეს, მაშინ ამას პასუხები უნდა გაეცეს. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყველა შანსი გამოვიყენო იმისთვის, რომ ეს კანონი გავიდეს“, – ამბობს ცქიტიშვილი.